სტატიები

გორის საკრებულოს წევრის კომპანია მერიის ტენდერებში იმარჯვებს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის მიხეილ ვახტანგაშვილის კომპანია მერიის ტენდერებში იმარჯვებს.

ვახტანგაშვილი შპს “ერედვი 2008”-ს 60%-იან წილს ფლობს. კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების 57 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ტენდერების მხოლოდ 21.1% აქვს მოგებული.

კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების უმრავლესობაში შემსყიდველი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა. მაგალითისთვის, გასულ წელს მერიამ მიხეილ ვახტანგაშვილის კომპანიისგან ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა შენახვის სამუშაოების მომსახურება იყიდა, რისთვისაც უწყებამ 10 416 ლარი გადაიხადა.

მიხეილ ვახტანგაშვილის ქონებრივი მდგომარეობა ასახულია მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში, საიდანაც ირკვევა, რომ საკრებულოს წევრმა გასულ წელს 50 000 დოლარის ღირებულების ავტომობილი – მერსედეს ბენცი შეიძინა. ის ასევე ფლობს 60 000 ლარს, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, მან დანაზოგის სახით შეინახა.

რაც შეეხება, მის კომპანიას, დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს შპს “ერედვი 2008”-დან ვახტანგაშვილმა მოგების სახით 33 000 ლარი მიიღო.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ვახტანგაშვილს შემოსავალი ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებიდან, საიდანაც მან 70 000 ლარი იშოვა. ასევე, ვახტანგაშვილმა გასულ წელს პაპისგან მემკვიდრეობით 150 000 ლარი მიიღო.

2021 წელს საკრებულოს წევრს გასავალიც ჰქონდა. მაგალითისთვის, ვახტანგაშვილმა გასულ წელს 250 000 ლარი თბილისში სახლის მშენებლობისთვის დახარჯა.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ იგი თბილისში, დიდ დიღომში ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელიც 2017 წელს 66 000 დოლარად იყიდა. სწორედ აღნიშნულ ნაკვეთზე აშენებს ვახტანგაშვილი სახლს.

მიხეილ ვახტანგაშვილი 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, იგი კვლავ გახდა დეპუტატი და საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია დაიკავა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.