გორში მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების დღიდან მოქალაქეებს არაერთი კითხვა თუ პრეტენზია აქვს ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით. მათი ნაწილი განრიგით უკმაყოფილოა და ტრანსპორტის სააგენტოს მოსახლეობის ინტრესების მაქსიმალურად გათვალისწინებას სთხოვს.
“გუგლის რუკაზე, რომ განათავსოთ მარშრუტები და განრიგები არ იქნება ურიგო და ცვლილებების დროს განაახლოთ ხოლმე. ინტერნეტში უნდა შეგეძლოს მგზავრობის დაგეგმვა, არც დიდი რესურსი სჭირდება და არც დრო ამის გაკეთებას”, – ამბობენ მოქალაქეები.
ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ავტობუსების განრიგის ელექტრონული ვერსია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მომავალში მსგავსი პრაქტიკის დანერგვა იგეგმება.
“მოქალაქე, რომელსაც რომელიმე კონკრეტული ავტობუსის განრიგი აინტერესებს სააგენტოს ცხელი ხაზის ან ჩვენი ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით იღებს ინფორმაციას. ასევე, განრიგი გამოკრულია ავტობუსებში”, – ამბობენ ტრანსპორტის სააგენტოში.
სააგენტოს ცნობით, ავტობუსებში გამოკრულია როგორც ცხელი ხაზის ნომერი, ასევე ინფორმაცია სამგზავრო ბარათის შევსებისა და მგზავრობის საფასურის გადახდის შესახებაც. მოქალაქეებს დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე ან მისწრონ ტრანსპორტის სააგენტოს ოფიციალურ გვერდს.