ადამიანები ისტორიები

„იყავი თავმოყვარე და უანგარო”, – ტრიფონ გამსახურდიას მრწამსი

​ფარმაცევტ ტრიფონ გამსახურდიას გორში, სტალინის გამზირი N13-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური აფთიაქის წინ ძეგლი დაუდგეს.

იგი გორის აფთიაქში ფარმაცევტად 1924 წლიდან მუშაობდა. ტრიფონ გამსახურდიამ თითქმის 35 წელი იცხოვრა გორში, სტალინის გამზირზე – N24 კორპუსში.

მისი სიტყვებია: იყავი თავმოყვარე და უანგარო,ავადმყოფისთვის დახმარებისათვის გასამრჯელოს აღება ჩათვალე დამამცირებლად და დანაშაულად. არავინ მოატყუო; ბოროტებას სიკეთით უპასუხე.

ტრიფონ გამსახურდიამ თავისი ცხოვრების მიზნები ჩამოაყალიბა წერილში სახელწოდებით – ჩემი მრწამსი. აღნიშნული წერილი გამოქვეყნდა აივაზიშვილის, კაპანაძის და ჩლაიძის მიერ გამოცემულ წიგნში.

რადიო “მოზაიკა” უცვლელად გთავაზობთ ტრიფონ გამსახურდიას მიერ დაწერილ წერილს:

ჩემი მრწამსი


უნდა იყო პატრიოტი და შემოქმედი მოქალაქე. უნდა გიყვარდეს შენი პროფესია, ყოველდღიურად სწავლობდე, კითხულობდე ცოდნის ასამაღლებელ ლიტერატურას. ავადმყოფებისთვის რჩევა-დარიგების მიცემისას სირცხვილად ნუ ჩათვლი სამედიცინო ლიტერატურის გადახედვას.

ნუ აჩქარდები. თუ ვერ გაერკვიე, შენზე მცოდნეს მიმართე. არ დაივიწყო წინაპართა დარიგება – ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. ყოველდღიურად იზრუნე იმაზე, რომ შენი ცოდნა-გამოცდილება გადასცე სხვას, უპირატესად კი მედმუშაკებს.

გახსოვდეს, რომ მედმუშაკის მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებელია ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. შენი მოვალეობაა – ემსახურო ხალხს. გიყვარდეს ავადმყოფი, ნუ დაიშურებ მისთვის ცოდნას და გვარიანად გარჯას. პირადი საქმე გადადე და მას დაეხმარე.

სამკურნალო საშუალებებზე უარის თქმა ბოროტებად მიიჩნიე. იყავი თავმოყვარე და უანგარო. ავადმყოფისთვის დახმარებისათვის გასამრჯელოს აღება ჩათვალე დამამცირებლად და დანაშაულად. არავინ მოატყუო; ბოროტებას სიკეთით უპასუხე.

ნუ გაარჩევ ადამიანებს მეგობრობით, ნათესაობით, თანამდებობით. პირველად იმას დაეხმარე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, მიუხედავად იმისა თუ როგორი დამოკიდებულება აქვს შენთან. გახსოვდეს, რომ შენს მოქმედება-მოღვაწეობაზე იზრდება მთელი თაობები. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო _ მემუშავა ამ მრწამსის მოწოდებით. თუ რამდენად და როგორ შევძელი, ეს, დაე, ხალხმა განსაჯოს.


დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.