ახალი ამბები

გორელი ახალგაზრდები მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების წინააღმეგ მუშაობას გეგმავენ

ახალგაზრდული ორგანიზაცია “ამბრელა” ახორციელებს პროექტს “ერთად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ”, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდულ სფეროში ჩართული სხვადასხვა აქტორების ჩართვა კლიმატის ცვლილების/კრიზისის დაძლევის პროცესში.


პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ბაკურიანში, რომელსაც ახალგაზრდა ლიდერები, მუშაკები, ბიზნესისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გორიდანაც ესწრებოდნენ.

ერთ-ერთი გორელი მონაწილე, ნიკოლოზ ჯაბახიძე ამბობს:

“პროექტმა სხვა კუთხით დამანახა აღნიშნული პრობლემა. პროექტის განმავლობაში ვიმუშავეთ თუ როგორი გავლენა აქვს ადამიანს კლიმატის ცვლილებაზე და რა როლი აქვს ახალგაზრდობას, თვითმართველობებსა და კერძო სექტორს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. მიღებული გამოცდილებით შევეცდები ვიზრუნო ჩემს თემში კლიმატის ცვლილების შემცირებაზე“.


კიდევ ერთი მონაწილე, მარიამ პავლიაშვილი კი აღნიშნავს, რომ პროექტიდან მან მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა.

„აქამდე კლიმატის კრიზისის საკითხს უფრო გულგრილად ვუყურებდი და არ მქონდა გააზრებული, თუ როგორ შეიძლებოდა მე, როგორც ერთ ადამიანს, წვლილი შემეტანა ამ მასშტაბური პრობლემის მოგვარებაში. ამ ტრენინგმა კი საშაულება მომცა ამ საკითხზე მეტი გამეგო და გამეაზრებინა. ტრენინგზე, სხვა გორელ ახალგაზრდებან ერთად, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და ვაპირებთ სხვადასხვა აქტივობები განვახორციელოთ გორშიც”.

ახალგაზრდებს 6 დღის განმავლობაში ჩაუტარდათ ტრენინგი დემოკრატიული ჩართულობის, კლიმატის ცვლილების და ციფრული უნარების განვითარებაზე. ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილების განსახორციელებლად, მონაწილეებმა ასევე შექმნეს სამოქმედო გეგმები, რომელიც უნდა განახორციელონ მომდევნო 2 თვის განმავლობაში.


ყველა ეს ქტივობა ხორციელდება ევროპის საბჭოს ევროპული ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი