გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს შენობის, გათბობის, წყალშემკრები და წყალსაწრეტი სისტემების სრულ რეაბილიტაციას, ეზოს შემოღობვას, ჭიშკრის ორი ახალი კარის მონტაჟსა და ეზოში არსებული სამანქანო გზების მოასფალტებას, სპორტდარბაზის გამაგრებას, დარბაზის დამხმარე ნაგებობის დემონტაჟსა და მის ადგილზე სამსართულიანი ფრთის მიშენებას, ბუფეტის, სამზარეულოსა და სამედიცინო ოთახების მოწყობას.
სკოლის შენობა სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დროსაა აშენებული. მათ შორის ორი ნაწილი სასაწავლო დანიშნულებისაა, მესმე ნაწილში კი სპორტდარბაზია განთავსებული.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
ამ ეტაპზე, სკოლის 416 მოსწავლე მეზობელი სოფლის, ხელთუბნის საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას.
პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.