გორის 2021–2025 წლების მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა გამართა. სესიას ბოლოჯერ უძღვებოდა დავით რაზმაძე, რომელმაც მედიასთან თქვა, რომ მან “თვითმმართველობაში მოღვაწეობა დაამთავრა”.
ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, დავით რაზმაძე სამი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
2025 წლის არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” ის არც მაჟორიტარულ და არც პარტიულ სიაში აღარ შეიყვანა.
წინასაარჩევნო პერიოდში, საკრებულოს დღის წესრიგში მისი იმპიჩმენტის საკითხიც დადგა – “ნიუ იორკ თაიმსთან” გაკეთებული განცხადებების გამო, ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვდა.
იმპიჩმენტში მონაწილეობა “ქართული ოცნების” წევრებმა არ მიიღეს, თუმცა კენჭისყრის დროს გაისმა პარტიის ერთ-ერთი წევრის, სოსო მუმლაძის სიტყვები, – “ისე, დიდი სიამოვნებით დავუჭერდი იმპიჩმენტს მხარს, ეს ისეთი დამპალია”.
როგორც შეიცვალა ამ წლების განმავლობაში რაზმაძის ოჯახის ფინანსური მდგომარეობა?
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ამჟამად დავით რაზმაძის სახელზე რეგისტრირებულია
- 1000 ლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი სოფელ ატენში
- მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლი გორში, გაბაშვილის ქუჩაზე
- მემკვიდრეობით მიღებული არასაცხოვრებელი სახლი გორში, მოსკოვის ქუჩაზე
სწორედ, მოსკოვის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებაა რაზმაძის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო. ფართი გაქირავებულია და იჯარის წლიური თანხა, მაგალითად 2024 წელს, 37 876 ლარი იყო.
ბოლო პერიოდში, ყოველწლიურად იზრდებოდა რაზმაძის ხელფასი – 7 წლის განმავლობაში მისი წლიური ანაზღაურება 37 850 ლარიდან 59 074 ლარამდე გაიზარდა.
შემოსავლის ნაწილს დავით რაზმაძე თითქმის ყოველწლიურად შვილს შუქნიდა. ლერი რაზმაძემ. ბოლო ხუთ წელში, მამისგან 185 000 ლარი მიიღო.
ლერი რაზმაძის ფინანსური მდგომარეობა ეტაპობრივად იცვლებოდა
ლერი რაზმაძემ ბოლო წლებში სხვადასხვა უძრავი ქონება შეიძინა:
- 2016 წელს ბინა იყიდა თბილისში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე – 80 კვ.მ-ს თანამესაკუთრედ ლერი რაზმაძესთან ერთად ფიქსირდება თინათინ ფოსური;
- 2020 წელს იყიდა 2 კომერციული ფართი თბილისში, ყუშიტაშვილის ქუჩა N4-ს მიმდებარედ.
- 2023 წელს ლერი რაზმაძემ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა;
ლერი რაზმაძის, როგორც დაინტერესებული პირის, სახელი ხშირად ფიგუგირებს ვახტანგ კარიჭაშვილის სახელით საჯარო რეესტრში წარგენილ დოკუმენტებში.
კარიჭაშვილი დავით რაზმაძის დის მეუღლეა. უკრაინისგან სანქცირებული ბიძისგან ლერი რაზმაძემ ერთ-ერთი კომპანია გასულ წელს 1 000 ლარად იყიდა. საუბარია შპს “ვაკათრეიდზე”.
აღსანიშნავია, რომ ლერი რაზმაძე “ქართული ოცნების” შემომწირველიცაა. მას პარტიისთვის ჯამში 9 000 ლარი აქვს შეწირული.