ადამიანები ისტორიები

“ეს ჩემი სიტყვაა” –  თვითნასწავლი შეფის გზა მივიწყებული რეცეპტებიდან მსოფლიო სამზარეულომდე

| „ეს მხოლოდ საჭმელი არაა – ეს ჩემი სიტყვაა“

| „მე არ ვიმეორებ, მე ვქმნი და ეს არის განსხვავება.“

| “ყველაფერი გავიარე, მენიუს შექმნიდან ბრენდის სტრატეგიის შედგენამდე.“

ეს განწყობა და თავდაჯერებულობა გასდევდა მთელ იმ ინტერვიუს, რომელიც ახალგაზრდა შეფთან ჩავწერეთ – 27 წლის ჯაბა ჯიღლაძე ისევ ეძებს მივიწყებულ გემოებს, ისევ ამზადებს კერძებს და ამ ყველაფრის პარალელურად, როგორც თავად ამბობს, ახლა უკვე ახალი საფიქრალიც აქვს:

“შემოთავაზებები მაქვს რამდენიმე ქვეყნიდან. სხვადასხვა რესტორნებს სურთ, რომ მათთვის საავტორო მენიუები, რესტორნის კონცეფციები და გემოს სტრატეგიები შევიმუშაო”.

თითოეულ შემოთავაზებას ჯაბა აღიარებად, დაფასებად და წარმატებად მიიჩნევს. ამბობს, რომ სწორად ამ ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივას ელოდებოდა იმ წუთიდან, როცა გასტრონომიამ გაიტაცა. 

“არავინ მასწავლიდა, როგორ გამეკეთებინა კერძი. მე თვითონ ვისწავლე. და იმ მომენტიდან, როცა დანა ხელში ავიღე, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი იარაღი, ჩემი ენა და ჩემი გზა. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ვაკეთო ან რა გამომივა ამაზე უკეთ ცხოვრებაში”.

ჯაბა თვითნასწავლი შეფია. წლების განმავლობაში, ცოდნას და გამოცდილებას მხოლოდ პირადი ინტერესის და კულინარიული ექსპერიმენტების დახმარებით აგროვებდა.

“ძველი რეცეპტების ძებნა, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც ყველამ მიივიწყა, ჩემს საყვარელ საქმედ იქცა. მალევე მივხვდი, რომ არაფერი მსიამოვნებდა იმაზე მეტად, ვიდრე მივიწყებული გემოების ჩემებური ფორმით გაცოცხლება და იმის ყურება, როგორ აღნიშნავდნენ ამას ადამიანები”. 

წარმატებული ექსპერიმენტების, ახლობლების შექების და გემოების მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე, ჯაბამ კვალიფიკაციის ამაღლება გადაწყვიტა და BDC ACADEMY-ში ჩააბარა. სწავლის დასრულებიდან მალევე კი, გასტრონომია მის კარიერად იქცა.

“სრულიან განსხვავებულ რესტორნებში მიმუშავია. ზოგისთვის მთავარი იყო, რომ საუზმეს ჰქონოდა თანამედროვე კონცეფცია. ზოგი ორიენტირებული იყო, რომ კერძი ვიზუალურად ყოფილიყო გამორჩეული და დასამახსოვრებელი. მე ვფიქრობ, რომ ეს განსხვავებული გამოცდილებები დამეხმარა, რომ საბოლოოდ საკუთარი თავი და სტილი მეპოვნა ამ სფეროში”. 

ჯაბასთვის განსაკუთრებით საამაყოა საკუთარი ავტორობით შედგენილი მენიუ, რომლისთვისაც მან საერთაშორისო ჯილდო მიიღო. 

“ეს იყო “ეგნატეს” მენიუ, რომელიც მთლიანად ჩემი ავტორობით დაიწერა. ყველა რეცეპტი, ყველა კომპონენტი იყო ჩემი ხედვის ნაყოფი. აქ ვცადე, რომ ყოველი კერძი ყოფილიყო შეტევა მოსაწყენი გემოების წინააღმდეგ და გამომივიდა, და თან ისე, რომ ეს ფაქტი სხვებმაც აღიარეს. საერთაშორისო ორგანიზაციამ “გოე & მიო”-მ სწორედ ამ მენიუს გამო დამაჯილდოვა”. 

მიღწეული წარმატებებით ერთგვარი კმაყოფილების ფონზე, ჯაბა ამბობს, რომ განვითარებისთვის ახალი გამოწვევები სჭირდება. 

“ეს სფერო ამოუწურავია და ძალიან მინდა, რომ სულ წინ ვიარო.”

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.