სტატიები

რას ეძებს და რას ნახავს ანტიკორუფციული ბიურო გორელი აქტივისტების საბანკო მონაცემებში?

ანტიკორუფციულმა ბიურომ გორელი აქტივისტების, თეონა ფანქველაშვილის და თეო ბზიშვილის პირად საბანკო ანგარიშებზე წვდომის უფლება მიიღო. ბრძანებაში, რომელსაც ხელი მოაწერა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ონიანმა, წერია:

საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან […] გამოთხოვილ იქნეს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მოქმედ/გაუქმებულ საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ყველა ტრანზაქციის ამსახველი დეტალური ინფორმაცია, თარიღისა და დროის მითითებით (საათი, წუთი)“. 

| რას ეძებს საბანკო ამონაწერებში ანტიკორუფციული ბიურო?

ანტიკორუფციული ბიურო თეონა ფანქველაშვილისა და თეო ბზიშვილის საბანკო ამონაწერებში ისეთ ფინანსურ გზავნილებს ეძებს, რომლებიც ამ ორი ადამიანის “ფართან” და “ერთობასთან” კავშირს დაადასტურებს.

სააპელაციო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, გორელ აქტივისტებს სთხოვენ წარადგინონ “ფართან” და “ერთობასთან” გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებები და ინვოისები. ამ მოთხოვნის საფუძველი კი, როგორც საჩივრიდან ირკვევა, ფეისბუქ-გვერდებზე აქტიურობა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და 25 აგვისტოს კაპროვანში ჩატარებული ტრენინგია. 

“მოძრაობა „ერთობის” ინიციატივით 2025 წლის აგვისტოში გაიმართა ტრენინგი, რომელშიც მონაწილე ინსტრუქტორები იყვნენ მოძრაობა „ფარის“ წევრები“, – წერია საჩივარში, სადაც აღნიშნულია, რომ ტრენინგზე საპროტესტო აქციებისთვის ლიდერებს ამზადებდნენ. 

საჩივარში, ანტიკორუფციული ბიურო გორელ აქტივისტებს, მათი კრიტიკული პოზიციების გამო, საარჩევნო მიზნის მქონე პირებად მიიჩნევს და სურს მათზე გაავრცელოს პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგისთვის შექმნილი კანონები. 

| რას ნახავს საბანკო ამონაწერებში ანტიკორუფციული ბიურო? 

  • გურიისთვის
  • სწავლის საფასურის დასაფარად 
  • დაბადების დღის საჩუქრისთვის
  • ნიკა კაციას ტელეფონისთვის
  • ოპერაციისთვის 
  • გიორგი ახობაძისთვის

ამ დანიშნულებით არაერთ ადამიანს ჩაურიცხავს თანხა თეონა ფანქველაშვილის და თეო ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე – ახალგაზრდა ქალები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, საკუთარ ანგარიშებს სხვა ადამიანების დახმარებისთვის თანხის შესაგროვებლად ხშირად იყენებდნენ. 

გორელი აქტივისტების თქმით, მათ არც თავად ჰქონიათ ოდესმე რეგისტრირებული ორგანიზაცია და არც “ერთობის” ან “ფარის” თანამშრომლები ყოფილან. ფანქველაშვილის და ბზიშვილის თქმით, არ არსებობს საგრანტო ხელშეკრულებები და ინვოისები. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს თანამებრძოლებად ვთვლით “ფარის” და “ერთობის” წევრებს, თუმცა ვამბობთ ფაქტს, რომ არასოდეს ამ ორგანიზაციის თანამშრომლები არ ვყოფილვართ. მათი ოფისიც კი არ ვიცით, სად არის. არც ერთ მათ ტრენინგში მონაწილეობა არ მიგვიღია. შევხვდით მაშინ, როცა გორში იყვნენ ჩამოსულები, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე“, – ამბობენ აქტივისტები.

ქალი აქტივისტების სიტყვებით, ანტიკორუფციული ბიუროს ეს ქმედება “ქართული ოცნების” რესპრესიული პოლიტიკის ნაწილია. 

“არაფერი დასამალი არ გვაქვს. ფეისბუქზე შეგვიძლია საჯაროდ დავდოთ ჩვენი საბანკო ამონაწერები. ჩვენ ჩვენი კრიტიკული პოზიციების, უწყვეტი პროტესტების და აქტიური ბრძოლის გამო გავხდით სამიზნეები და ახლა ამ მეთოდით ცდილობენ ჩვენზე ზეწოლას, რაც არ გამოუვათ”. 

ფანქველაშვილი და ბზიშვილი გორში, საპროტესტო აქციაზე [25 აგვისტო]

ახალგაზრდა ქალების ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. მას უკვე გადასცეს ის ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ფანქველაშვილი და ბზიშვილი საჩივარში ხსენებულ ტრენინგის დროს, გორში აქციაზე იმყოფებოდნენ. 

25 აგვისტოს, როცა გვეუბნებიან, რომ კაპროვანში ვიყავით ტრენინგზე, ჩვენ ვიდექით გორში საპროტესტო აქციაზე და ამის ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები გადავეცით ჩვენს ადვოკატს. რა თქმა უნდა, ვაპირებთ სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და ბრძოლის გაგრძელებას“, – ამბობს თეონა ფანქველაშვილი. 

| “ეს ყველა მოქალაქისთვის საფრთხეა” – ადვოკატი

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის თქმით, არ არსებობს საფუძველი, რომლითაც ფანქველაშვილის და ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის მიცემა სამართლიანად ჩაითვლება. 

ჩვენ ვნახეთ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნინო გერგაულის ბრძანება, რომელმაც ანტიკორუფციულ ბიუროს ფანქველაშვილის და ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა და ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთა“, – ამბობს ლექსო მერებაშვილი. 

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა საკუთარ ბრძანებაში დაწერა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით:

  • – არ დასტურდება, რომ მითითებული პირები წარმოადგენენ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებს.
  • – არ იკვეთება მათ მიერ არჩევნების გზით, ხელისუფლებაში მოსვლის საჯაროდ განცხადებული სურვილი.
  • – განცხადებული საარჩევნო მიზანი […] გულისხმობს არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ საჯარო განცხადებას, არამედ არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის გამოხატვას, ე.ი. ყველა ამ პირობის ერთდროულად არსებობას, რაც საქმის მასალებით არ დგინდება.
  • – სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 

2025 წლის 25 სექტემბრის ეს ბრძანება ანტიკორუფციულმა ბიურომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მოსამართლე თამარ ონიანმა ბიუროსთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ადვოკატი ლექსო მერებაშვილი ამბობს:

“სააპელაციომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ბატონ რაჟდენ კუპრაშვილს სურდა. როცა სასამართლო აკმაყოფილებს ხელისუფლების უსაფუძვლო, უკანონო მოთხოვნებს, ეს ყველა მოქალაქისთვის საფრთე და პრობლემაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი მეთოდებით, ყველა ადამიანის პირად მონაცემებზე წვდომის მოპოვება შეუძლიათ”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.