ქარელელმა ბიზნესმენმა, რომელიც წლების განმავლობაში “ქართულ ოცნებას” აფინანსებდა, საქართველო დატოვა. მიზეზებზე საუბარს ერიდება ყველა – მოსახლეობაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც.
სლავა შერაზადიშვილის სახელის ხსენებისთანავე, ჩვენთან საუბარს წყვეტს და ტელეფონს თიშავს მერის წარმომადგენელი თეიმურაზ ხაბარელი.
ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან ბიზნესმენის თანასოფლელებიც. პირად საუბრებში კი ამბობენ:
- თვეზე მეტი იქნება, რაც წავიდა
- ფერმა რომ ჰქონდა, იქიდანაც დაუთხოვია ხალხი.
- ბრეთში სასტუმროს მშენებლობაც შეუჩერებია.
“მოზაიკას” ინფორმაციით სლავა შერაზადიშვილმა საქართველო აგვისტოში დატოვა. ამჟამად ის სლოვაკეთში იმყოფება, თუმცა როგორც გვეუბნებიან, ქვეყნიდან დროებითაა წასული.
“ყველა მაგის პროექტი წუნდებულია. როგორც ჩანს მოთხოვნები იყო ისეთი, რომ ქვეყნიდან წასვლა არჩია, თუმცა როგორც ვიცი, დროებითაა წასული“, – უთხრეს “მოზაიკას”
სლავა შერაზადიშვილი “ქართული ოცნების” ერთ-ერთ რჩეულ ბიზნესმენად ითვლებოდა. მოიზარებოდა ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის მეგობრად და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის ნდობით აღჭურვილ პირად.
წლების განმავლობაში, სლავა შერაზადიშვილის კომპანია იგებდა სახელმწიფოს მაღალ-ბიუჯეტიდან ტენდერებს. მაგალითად,
- დაბალი კონკურენციის პირობებში 12 805 400 ლარი მიიღო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან;
- დაბალი კონკურენციის, კომპანიაზე მორგებული გამოცდილების მოთხოვნების და ავანსის გაცემის პირობებში, 15 374 192 ლარი მიიღო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსგან
- დაბალი კონკურენციის, კომპანიაზე მორგებული გამოცდილების მოთხოვნების და ავანსის გაცემის პირობებში, 2 741191.13 ლარი მიიღო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან
- უკონკურენტოდ მოიგო ქარელის მერიის ტენდერიც, მუნიციპალური აუზის ასაშენებლად, რისთვისაც ქარელის ბიუჯეტიდან 5 588 995 ლარი მიიღო.
კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარვეზებზე არაერთი მასალაა მომზადებული. მაგალითად:
- “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ქარელში შესრულებულ სამუშაოებიდან 3 თვეში, რეაბილიტირებულ საფეხმავლო ბილიკზე არასწორად დაგებული ფილები აყარეს და ახლიდან დააგეს.
- არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო, კი თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებელს საცხოვრებელი და კომერციული ფართი დაეტბორა.
- უხარისხოდ შესრულებული აღმოჩნდა საცხოვრებელი კორპუსების გარეფასადებიც. მოსახლოება ჩიოდა, რომ წვიმის დროს, ბინებში წყალი შესდიოდათ.
- ვადაგადაცილებით აშენდა ქარელის აუზიც, რასაც მაშინ ქარელის მერია ასე ხსნიდა, “აუზის შემოწმების დროს დადგინდა ხარვეზები. ასეთი რამ ნებისმიერი მშენებლობის დროს ხდება”.
პროექტებში გამოვლენილი ხარვეზების მიუხედავად, სლავა შერაზადიშვილის კომპანიას პრობლემები არ ექმნებოდა. მასთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობდა “ქართული ოცნება”.
2024 წლის არჩევნებზეც, სლავა შერაზადიშვილი “ქართული ოცნების” წინასაარცევნო კამპანიის აფინანსებდა – აორგანიზებდა სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობებს. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიება პარტიის მარალჩინოსნებიც ესწრებოდნენ – ირაკლი კობახიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შერაზადიშვილის ორგანიზებით, წინასაარჩევნოდ ძლევიჯვარში გამართულ ტურნირს ანრი ოხანაშვილთან, სოზარ სუბართან, გრიგოლ ლილუაშვილთან, ვახტანგ გომელაურთან და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ესწრებოდა. ტურნირის შემდეგ კი, ძლევიჯვარში შერაზადიშვილის ფერმას სტუმრობდა.
“ძლევიჯვარში ფერმა დავათვალიერე. კერძო ინვესტიციით აშენებულ ფერმაში მერძეული უცხოური ჯიშის 1500 მდე საქონელია. ინვესტორი გვესაუბრა განხორციელებულ ინვესტიციაზე რომლის შედეგად 200 ადამიანი დასაქმდა. ფერმა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და უახელესი სტანდარტების ტექნიკით“, – წერდა ფეისბუქ გვერდზე ირაკლი კობახიძე.
ძლევიჯვარში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების სტუმრობიდან ერთი წლის შემდეგ, სლავა შერაზადიშვილი ქვეყნიდანაა წასული, მისი ბიზნეს-საქმიანობები კი შეჩერებულია.