4 დღის წინ, გორში 70 წლის მამაკაცი დაიკარგა. სამ-დღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ოჯახმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, ისეთი ადამიანის პოვნის იმედით, ვისაც დრონი ჰქონდა და სამძებრო სამუშაოებში ჩართვა შეეძლო.
“არაფერი განსაკუთრებული ჩემს ქმედებაში არ ყოფილა“, – ამბობს ოთო გვრიტიშვილი, რომელმაც დაკარგული მამაკაცი დრონით იპოვა.
ოთხ-დღიანი ძებნის შემდეგ, მამაკაცი ქალაქგარეთ მინდორში იპოვეს. ოთოსთან ერთად ამ დროს მისი მეგობარი, მარიამ თოფჩიშვილიც იმყოფებოდა.
დილიდან ოთო გვრიტიშვილი დაკარგულ ადამიანს ეძებდა დრონით. მე შუადღით გავიგე ეს ამბავი და დრონის ბატარეების დატენის შემდეგ შევუერთდი. ოთომ ჯერ ძებნის სტრატეგია შეიმუშავა, წყლის და სინათლის საიხლოვეს, რომ უფრო დიდი ალბათობა იყო დაკარგული წასულიყო, შემდეგ საძებნი არეალი კვადრატებად დაყო და მიუყვა თავის საქმეს. როცა ეკრანზე ბალახებში ადამიანის სხეულის კონტური დავინახეთ 2 წუთით ორივეს ხმა ჩაგვიწყდა, სისხლი გაგვეყინა სანამ არ შევნიშეთ, რომ სხეული მოძრაობდა და ცოცხალი იყო ადამიანი. მართლა არასდროს დამავიწყდება ეს კადრები და მომენტები“, – იხსენებს მარიამი.
პოვნის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, სოციალური ქსელი სამადლობელმა ტექსტებმა მოიცვა.
“დღეს, მთელი ქალაქი მადლობას უხდის ოთოს, ოთო გვრიტიშვილი რომელმაც 4 დღის წინ გაუჩინარებული ადამიანი დრონით მოძებნა და იპოვა. მას არაფერი ავალდებულებდა ამას, საკუთარი სინდისისა და ენთუზიაზმის გარდა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნინო დალაქიშვილმა.
“ბედნიერებაა. ვულოცავ გადარჩენილს, მის ოჯახს, ყველა გულშემატკივარს და ამ სიხარულის მთავარ გმირს ოთო გვრიტიშვილს. ეს ბიჭი მართლა შეუფასებელი სიმდიდრეა ჩვენი ქალაქის“, – დაწერა მასწავლებელმა ლიზა ყაზიშვილმა.
სამდალობელი ტექსტების ნაწილი “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადების კრტიკასაც მოიცავდა, რომელშიც ოთო გვრიტიშვილი ექსტრემისტად იყო მოხსენიებული.
“დღეს ექსტრემისტული გუნდის წევრი ოთო გვრიტიშვილი მთელი დღე დრონით წინ და უკან დარბოდა, დატენიდა სამ ელემენტს და გადიოდა ისევ საძებნად, ეს კადრებიც მას ეკუთვნის, მან იპოვნა კი ყველაფრის პოლიტიზირებაზე გადავედი უკვე მაგრამ ჩვენი ცხოვრება ესაა.
დააფასეთ ადამიანები თქვენს გარშემო ვინც უანგაროდ ყველაფერს გაიღებს ადამიანისთვის, დააფასეთ და დაუდექით თქვენც გვერდში“, – დაწერა ნიკა სომშვილმა, გვრიტიშვილის მეგობარმა და კოლეგამ.
ოთო გვრიტიშვილი წლებია გორში კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. ოთოს და მისი მეგობრების დაფუძნებულია “გორელ ფოტოგრაფთა კლუბი” და “ხელოვნების სახლი”. ოთოს, 4 წლის წინ, გორის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიანიჭეს, თუმცა ბოლო პერიოდში ოთო და მისი თანამოაზრეები არაერთხელ გახდნენ “ქართული ოცნების” რეპრესიების სამიზნე:
- გორის მერიამ მათთვის შენობის ჩამორთმევა გადაწყვიტა;
- ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ საბანკო ანგარიშებზე წვდომა მოითხოვა;
- შალვა პაპუაშვილმა მათ ორგანიზაცის “ექსტრემისტთა ჯგუფი” უწოდა.
| “მე ადამიანები მიყვარს და შესაბამისად, ვერავისზე ვბრაზდები”.
ოთო ამბობს, რომ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლას არასდროს შეწყვეტს.
“მე ადამიანები მიყვარს და შესაბამისად, ვერავისზე ვბრაზდები. ხინჯს არ ვიტოვებ გულში. მინდა მჯეროდეს, რომ ის ადამიანები, ვინც ღიად სოლიდარულები არ არიან ჩვენი და ჩვენი საქმის მიმართ, რეალურად მხარს გვიჭერენ“, – ამბობს ოთო.
ოთოს თქმით, მისთვის და მისი მეგობრების ექსტრემისტებად გამოცხადება, იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც მმართველი პარტია მოსახლეობას თავს ახვევს.
“მათ არც ის იციან, რა ხდება გორში, არც ჩვენ გვიცნობენ და მგონია, რომ საერთოდ ქართველ ხალხს არ იცნობენ, არ უსმენენ. მათი დამოკიდებულებაა მცდარია და დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი მიაღწევს იმას, რომ საკუთარ ბედს თავად წყვეტდეს და არა – რომელიმე პარტია”.