პროკურატურამ 13 პირს ბრალი წარუდგინა, მათ შორის გორელ ვახო ფიცხელაურსაც.
როგორც უწყება განმარტავს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში, 13 პირს ბრალად ედება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობ და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, ჯგუფურად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, იერიში მიიტანეს, ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს დამცავი ღობე და შეიჭრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში, შენობის ხელში ჩაგდების და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 4 ოქტომბერს დააკავა აქციის ორგანიზატორები პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე.
გუშინ, 6 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა კიდევ 13 პირის (ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი და დავით ჟღენტი) დაკავების შესახებ.