„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მე-13 წლისთავზე კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, შესრულდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის დაპირება უფასო ფულთან და თითოეული სოფლისთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ სრულად შესრულდა.
„რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა…თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პროგრამა “აწარმოე საქართველოში” , ნახავთ უამრავ განხორციელებულ პროექტს, სადაც სუბსიდირებას ახორციელებს სახელმწიფო. თქვენ ამის დანახვა არ გინდათ“, – განაცხადა კალაძემ.
„მოზაიკა“ დაინტერესდა, ვინ იღებდა „აწარმოე საქართველოს“ სხვადასხვა პროგრამებიდან დაფინანსებას. აღმოჩნდა, რომ შიდა ქართლში სახელმწიფო დაფინანსებების მიმღებთა შორის ჭარბობენ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებიც ტენდერებიდან მილიონობით ლარს იღებენ.
“უფასო” 250 000 ლარი გიორგი კანდელაკისთვის
- გიორგი კანდელაკის კომპანიამ “ვარიანი” “აწარმოე საქართველოს” პროგრამიდან 2020 წელს 110 250 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხა კომპანიამ პროგრამის “საკრედიტო საგარანტიო სქემა” ფარგლებში მიიღო.
- როგორც ფიზიკურ პირმა გიორგი კანდელაკმა 2020-2021 წლებში პროგრამის “თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის” ფარგლებში “აწარმოე საქართველოსგან” 26 070 ლარი და 22 145 ევრო მიიღო. თანხა აქვს მიღებული კანდელაკის შვილს – თარაშ კანდელაკსაც. ამავე პროგრამის ფარგლებში მან 1 921 ლარი მიიღო.
- კანდელაკის კიდევ ერთმა კომპანიამ „გითა“ 2023 წელს პროგრამიდან 46 389 ლარი მიიღო.
კანდელაკი მრავალი წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენად მოიაზრებოდა. ის ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიებში. “ქართული ოცნების” აგიტაციას გიორგი კანდელაკი მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც 17 სექტემბერს ფინანსთა სამინისტრომ ის გორში, უკანონოდ მოქმედ ალკოჰოლური სასმელების ქარხანასთან კავშირის გამო დააკავა.
“უფასო” 45 000 ლარი ბორია გოგიჩაიშვილისთვის
პროგრამის კიდევ ერთი ბენეფიციარი ბორია გოგიჩაიშვილია, რომელიც ახლა გიორგი კანდელაკთან ერთად, წინასწარ პატიმრობაშია. გოგიჩაიშვილი გორის მუნიციპალიტეტის 2021-2025 წლების მოწვევის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან.“
როგორც „მოზაიკას“ მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, გოგიჩაიშვილის კომპანია ერთ-ერთია, რომელმაც გასულ წლებში „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებიდან სარგებელი მიიღო.
- გოგიჩაიშვილის კომპანიამ „საქართველო” 2018 წელს მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ გამოფენაში “China International Import Expo”. “აწარმოე საქართველოს” პროგრამამ გოგიჩაიშვილის კომპანიას აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობისთვის 8 519 დოლარი გადაურიცხა.
- კომპანიამ იგივე გამოფენაში მონაწილეობა 2019 წელსაც მიიღო. ამჯერად სახელმწიფო პროგრამიდან გოგიჩაიშვილის “საქართველომ” 11 211 დოლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე იყო უკანონოდ მოწყობილი ქარხანა, სადაც ალკოჰოლურ სასმელებს კუსტარულად ასხამდნენ.
“უფასო” 557 521 ლარი იოსებ მაკრახიძისთვის
„აწარმოე საქართველოს“ პროგრამებიდან ისეთ ბიზნესმენებსაც აქვთ სარგებელი მიღებული, რომლებიც მრავალმილიონიან ტენდერებს იგებენ. მათ შორის არის პარლამენტის ყოფილი წევრის იოსებ მაკრახიძის ოჯახის კომპანია „იბოლია“.
- კომპანიამ “იბოლია” 2019 წელს “აწარმოე საქართველოს” პროგრამიდან “ინდუსტრიული ნაწილი” 557 521 ლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამებიდან დაფინანსებების მიღების პარალელურად, “იბოლიას” ბოლო მონაცემებით, ჯამში 92 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური ღირებულება 155 257 964 ლარია. კომპანიის კონტრაქტორებს შორის არიან შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები. გამარტივებული წესით დადებული ხელშეკრულებებიდან „იბოლიას“ 9 613 527 ლარი აქვს მიღებული.
მაკრახიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მან პარტიას 2016 და 2018 წლებში 100 000 ლარი გადაურიცხა. კომპანია „იბოლიას“ სახელით ოცნების ანგარიშზე 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნების წინ 20 000 ლარია გადარიცხული.
“უფასო” 215 000 ლარი ვახტანგ კარიჭაშვილისთვის
საგულისხმოა, ასევე ისიც, რომ უკრაინის მიერ სანქცირებული გორელი ბიზნესმენის ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმაც მიიღეს ბენეფიტები „აწარმოე საქართველოსგან“.
- ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიამ “ვაკა ისტეითს” 2020 წელს “აწარმოე საქართველოსგან” 81 567 ლარი მიიღო;
- დაფინანსება მიიღო კარიჭაშვილის კიდევ ერთმა კომპანიამ. 2021 წელს შპს ვაკა 132 842 ლარით დაფინანსდა.
ვახტანგ კარიჭაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდან არის. ის რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონეა. უკრაინამ ის 2023 წელს დაასანქცირა.
უკრაინის ხელისუფლებამ მაშინ განმარტა, რომ სანქცირება კარიჭაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირებს ეხება, რომელიც თავის მხრივ, უკრაინაში ასევე სანქცირებულთა სიაშია.
ამასთანავე, სანქციების ვებგვერდზე მითითებულია, რომ ვახტანგ კარიჭაშვილის ჰოლდინგი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია.
რაც შეეხება ვახტანგ კარიჭაშვილისა და უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირებს, რეესტრის თანახმად, კარიჭაშვილი ფლობს 50%-იან წილს სასტუმრო “მელიქიშვილი ინში”, რომელიც უჩა მამაცაშვილის საინვესტიციო ჰოლდინგმა Middle Seas Capital ააშენა.
“უფასო ფული” “ქართული ოცნების” შემწირველებისთვის:
- „ქართული ოცნების” პარლამენტის წევრის ზაალ დუგლაძის კომპანიის ჩინეთში ვიზიტები “აწარმოე საქართველომ” 19 847 დოლარით დააფინანსა.
შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ” შანხაიში გამართულ გამოფენებში 2018 და 2019 წლებში ორჯერ მიიღო მონაწილეობა. 2018 წელს კომპანიამ ჩინეთში აღნიშნული ვიზიტისთვის – 8 636 დოლარი, 2019 წელს კი 11 211 დოლარი მიიღო.
“დუგლაძეების ღვინის კომპანიის” წილებს ზაალ დუგლაძე ძმასთან, დავით დუგლაძესთან ინაწილებს. ორივეს ჯამში კი, “ქართული ოცნებისთვის” 397 000 ლარი აქვთ შეწირული.
- 152 754 ლარი აქვს მიღებული კომპანიას “ზუკო+”. აღნიშნული თანხა კომპანიამ “აწარმოე საქართველოს” პროგრამიდან 2022 წელს მიიღო.
შპს “ზუკო +”-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ზურაბ დავითაშვილია, რომელიც “ოცნების” შემომწირველი ბიზნესმენია. მან პარტიას 2021 წელს 3 000 ლარი გადაურიცხა, მომდევნო წელს კი, მისმა კომპანიამ სახელმწიფოს პროგრამიდან 152 754 ლარი მიიღო. „ზუკო +” რეგისტრირებულია, როგორც ხილის შემნახველი და გადამამუშავებელი კომპანია.
- კომპანიამ “ქარელის ხილი” 2021 წელს გერმანიის ქალაქ კიოლნში ღონისძიებაზე დასასწრებად “აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში 10 829 ევრო მიიღო.
შპს “ქარელის ხილი” ჩირს აწარმოებს ბრენდული დასახელებით “ჩიკორი”. კომპანიის საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მდებარეობს. „ქარელის ხილის” 47.5% შპს “ქართული ხილის ფონდს” ეკუთვნის. “ქართული ხილის ფონდის” 6.3%-ს მფლობელი კი „ქართული ოცნების” შემომწირველი ირაკლი გოგოლიშვილია. ბიზნესმენს პარტიისთვის 2023 და 2024 წლებში ჯამში 120 000 ლარი აქვს გადარიცხული.
- კომპანიამ, რომელიც კასპში კირქვის მოპოვების ლიცენზიას ფლობს და ტენდერებშიც ხშირად იმარჯვებს, “აწარმოე საქართველოს” პროგრამიდან 2024 წელს 7 748 ლარი მიიღო. საუბარია შპს “ცეკურზე”, რომელიც “ქართული ოცნების” შემომწირველებს ეკუთვნით.
შპს “ცეკურმა” “ქართულ ოცნებას” 40 000 ლარი 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გადაურიცხა. პარტიის შემომწირველები არიან უშუალოდ კომპანიის მეწილეებიც. “ცეკურის” დირექტორი და 37%-იანი წილის მფლობელი ბექა ხაბულიანია. მან “ოცნებას” თანხა 4-ჯერ გადაურიცხა – ჯამში 238 000 ლარის ოდენობით. კომპანიის 63%-ს სერგო ხაბულიანი ფლობს. მას პარტიისთვის ჯამში 220 000 ლარი აქვს შეწირული.
- კომპანიამ “იგოეთი 2023”, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, პროგრამიდან 2023 წელს 10 848 ლარი მიიღო.
“იგოეთი 2023”-ს მფლობელი არის შპს “ქართლი”, “ქართული ოცნების” შემომწირველი კომპანიაა. “ქართლმა” პარტიას 2021 წელს 1 000 ლარი გადაურიცხა. თავის მხრივ, კომპანიამ “ქართლი” 2022 წელს ამავე პროგრამიდან სახელმწიფოსგან 66 648 ლარი მიიღო.