სტატიები

ცარიელი უბნები და ნაკლები ხმებით მეტი მანდატები –  რა აჩვენა შიდა ქართლის არჩევნებმა?

ცესკომ შიდა ქართლის 201-ვე უბნის მონაცამები დაითვალა. 4 ოქტომბერს, კენჭისყრაში მონაწილეობა რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლის 41.9%-მა მიიღო. 

არჩევნების შედეგებით კმაყოფილია “ქართული ოცნება”, რომლის მხარდასაჭერად საარჩევნო უბანზე, რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლის 26% მივიდა. 

თვით ევროპელებსაც კი შეშურდებათ ისეთი გარემო იყო შექმნილი, როგორც წინა საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს“, – დაწერა სოციალურ ქსელში გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილმა. 

ამომრჩევლის 26%-იანი აქტივობის ფონზე, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. საკრებულოებში კი ოპოზიციური პარტიები 2-3 წევრით იქნებიან წარმოდგენილები. 

“ქართულ ოცნებას” საკრებულოებში ამგვარი წარმომადგენლობა, იმ შემცირებული მხარდაჭერის მიუხედავად ექნება, რომელიც ცესკოს მონაცემებშიც ჩანს – წინა წლისგან განსხვავებით, წელს “ოცნებას”, რეგიონის მასშტაბით, ხმა 18 194 ამომრჩეველით ნაკლებმა მისცა:

  • – 2025 წელი: 61 560 ხმა
  • – 2024 წელი: 79 844 ხმა

რამდენიც სჭირდებიდათ, იმდენი აიღეს, ფინანსებიც დაზოგეს“, – ასეთია ერთ-ერთი მოქალაქის კომენტარი ამ მონაცემების ქვეშ. 

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი დაიწერა წელს “ქართული ოცნების” აგიტატორების და კოორდინატორების სიმცირის შესახებაც. 

რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე? 

ასეთი არჩევნები მე არ მახსოვს“, – გვითხრა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელიც ქარელის #32 საარჩევნო უბანზე ვნახეთ. 

უბანზე სიწყნარე და სიცარიელე იყო. 60 წლამდე ასაკის ქალს საარჩევნო უბანზე მხოლოდ კომისიის წევრები დახვდნენ. ყველა საარჩევნო კაბინა თავისუფალი იყო. 

“არც რიგი, არც ხმაური …  ვერც გაიგებ, რომ არჩევნები ტარდება”. 

მსგავსი ვითარება დაგვხვდა კიდევ რამდენიმე უბანზე, რომელიც კენჭისყრის დღეს შემოვიარეთ. შუადღის 3 საათისთვის, მოქალაქეთა აქტიურობა კვლავ დაბალი იყო ქარელის სოფლებში. 

ხუთი საათის მერე მოვა ხალხი, ჯერ ბაღებში არიან სამუშაოდ“, – გვითხრა საარჩევნო კომისიის წევრმა, რომელსაც ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე ვკითხეთ. 

მოქალაქეთა რიგები, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, არც გორის უბნებზე ყოფილა. სიცარიელე იყო როგორც უბნების შიგნით, ისე გარე პერიმეტრზე. 

შედარებით დაძაბული ვითარება იყო ხაშურში, სადაც რამდენიმე უბანზე “ქართული ოცნების” აგიტატორებს დამოუკიდებელი კანდიდატის, ვალერი გელაშვილის შტაბის წევრი დაუპირისპირდა. 

სია წავართვი, რატომ უნდა ჰქონდეთ ეს სიები “ოცნების” აგიტატორებს? იმიტომ ხომ არა რომ დააფიქსირონ, ვინ მივა და ვინ არა არჩევნებზე, რომ შემდეგ მისულებს ფული მისცენ, არ მისულებს კი პრობლემები შეუქმნან“, – ამბობდა ირინე ფერაძე. 

საბოლოოდ, არჩევნებმა ისე ჩაიარა, რომ შიდა ქართლის მასშტაბით არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. 

დატოვეთ კომენტარი