მოსამართლე, რომელმაც რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნა გორელ აქტივისტებზე ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა, ნინო გერგაულია.
ამავე თემაზე: გორელ აქტივისტებს ანტიკორუფციულმა სააგენტომ სასამართლოში უჩივლა
ის 2009 წლიდან გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. 2019 წელს კი, უვადოდ გამწესდა მოსამართლედ. მაშინ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო 37 მოსამართლესთან დაკავშირებით.
გერგაული იყო ერთ-ერთი იმ მოსამართლეებიდან, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწერილი საჩივარი დააკმაყოფილა. მან გასულ წელს „სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა. სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილების ანალოგიური პრეცედენტი გასულ წელს მხოლოდ გორსა და თეთრიწყაროში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნინო გერგაული იყო ერთ-ერთი ის მოსამართლე, რომელიც 2024 წლის ნოემბერში, საპროტესტო აქციების დარბევების შემდეგ, შეუერთდა 17 მოსამართლის მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებას. აღნიშნული განცხადებით მოსამართლეებმა დაგმეს ძალადობა და განაცხადეს, რომ ემიჯნებიან ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
გარდა ამისა, 2021 წლის 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მოსამართლეთა XXX კონფერენცია, რომელზეც საბჭოს 2 მოსამართლე წევრი აირჩიეს, რადგან თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ საბჭო ვადაზე ადრე დატოვეს.
მოსამართლეთა კონფერენციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებისა და საქართველოს პრეზიდენტის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, რის შემდეგაც სისტემამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც „გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი“ იყო აღნიშნული შეფასებები.
🔻 ამ განცხადების შემდეგ გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ იზიარებენ ტექსტში გამოთქმულ პათოსს. 16 მოსამართლეს შორის იყო ნინო გერგაულიც.