ახალი ამბები

დააკავეს იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ტენდერების მოგების მიუხედავად, შიდა ქართლში სკოლები არ ააშენეს

დააკავეს იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ტენდერების მოგების მიუხედავად, შიდა ქართლში სკოლები და ბაღები არ ააშენეს. საუბარია “ლაგი კაპიტალზე”, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა აეშენებინა. 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. 

“ბრალდებულებმა, ა.ბ. და ბ.ბ.-მ,  2023 წელს შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.

ამასთან,  სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში – სამი სკოლა. ამ შემთხვევაშიც, არცერთი სკოლა აშენებული არ არის”, – განაცხადეს სამინისტროს ბრიფინგზე. 

უწყების ცნობით, გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 444 427 ლარს.

“სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაგეგმეს დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში ე.წ „თეთრ სიაში“, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით, წარადგინეს მხოლოდ 50%-ანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან  9 365 801 ლარს. 

თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი,  1 211 000 ლარი, ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია”.

სამინისტრის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით. 

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების, მათ შორის მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების გამოვლენისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სხვა დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი