წლების განმავლობაში შეჩერებული მშენებლობები, მოგებული ტენდერები და მითვისებული მილიონობით ლარი, – ეს იმ ბრალდებების ჩამონათვალია, რომელიც სამშენებლო კომპანიას “ლაგი კაპიტალის” მიმართ ისმის.
კომპანია ,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დის დაფუძნებულია. მოგვიანებით კომპანიის მფლობელი ნინო ზარქუას მეუღლე, ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი გახდა. სწორედ ამ პერიოდში მოიგო კომპანიამ ის ტენდერები, რომლის ფარგლებშიც შიდა ქართლში 30 საბავშვო ბაღისა და ოთხი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია ევალდებოდა.
ტენდერების მოგების დროს, “ლაგი კაპიტალის” 50%-იან წილს შპს „ჯე5″ ფლობდა. თავის მხრივ, შპს „ჯე5“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ალექსანდრე ამისულაშვილია, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძეა.
მოგებული ტენდერების ფარგლებში, კომპანიას უნდა აეშენებინა ატენის, ხაშურის #4, ნაბახტევისა და სათივეს სკოლები, ასევე ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისსა და ტირძნისში საბავშვო ბაღის შენობები.
გაჭიანურებული სამუშაოების გამო, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესბულებების მოსწავლეთა მშობლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა უშედეგოდ.
ერთ-ერთი ბოლო აქცია, რამდენიმე დღის წინ ხაშურში გაიმართა – მასწავლებლები და მშობლები ინფრასტრუქტურის მინისტრს საყვედურებით დახვდნენ.
დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპანიის წარმომადგენლები დააკავა.
სამინისტროს განცხადებით, კომპანია ტენდერებს თაღლითური გზით იგებდა. კერძოდ, გამოძიების ვერსიით, კომპანიამ შეიმუშავა სქემა, რომლის მეშვეობით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხები, ავანსის სახით ჩარიცხული 9.3 მილიონ ლარზე მეტი მიითვისა.
“ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაგეგმეს დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში ე.წ „თეთრ სიაში“, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით, წარადგინეს მხოლოდ 50%-ანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს.”
დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების ბრალდებით კომპანიის 2 წარმომადგენელი დააკავეს.
“ბრალდებულებმა, ა.ბ. და ბ.ბ.-მ, 2023 წელს შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა“,- განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.
ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ “თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი, 1 211 000 ლარი, ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. “
სამინისტრის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით.