დღესასწაული, რომელიც 15 წლის განმავლობაში ოქტომბერში აღინიშნებოდა, წელს სექტემბერში, არჩევანების წინ გადმოიტანეს – “გორის დღე 2025” 28 სექტემბერს აღინიშნა.
თარიღის ცვლილებას მაშინვე მოჰყვა გამოხმაურებები. სამოქალაქო სექტორი ამბობდა, რომ “ქართული ოცნება” გორის სახალხო დღესასწაულს საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს
“დღესასწაული, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და რომელიც ადგილობრივებს უნდა ეკუთვნოდეს, საბოლოოდ ერთი პარტიის საპიარო აქცია-კონცერტს ემგვანება“, – ამბობდნენ მოქალაქეები.
| მერიამ გადმოიტანა “გორის დღეები” 4 ოქტომბრამდე და ამით ის წინასაარჩევნო აგიტაცია-კამპანიად აქცია“
“ეს ღონისძიებები იქცა საარჩევნო კამპანიის ნაწილად, რომელშიც ფულს “ქართული ოცნების” ნაცვლად, ვიხდით ჩვენ“, – ამბობს იურისტი ლექსო მერებაშვილი.
მერებაშვილის თქმით, ამ პრაქტიკით “გორის დღის” აღნიშვნა არის საბიუჯეტო სახსრებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ.
“თუ ვნახავთ, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით გადმოიტანეს მსგავსი ღონისძიებები არჩევნებამდე. ეს ღონისძიებები მერიების ორგანიზებით ტარდება და პოზიციონირებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ძირითადად, არჩევნებში კანდიდატებად წარდგენილი პირები. შესაბამისად, ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, თან ისე დაგეგმილი, რომ თითქოს კანონის ფორმალური მოთხოვნები არ ირღვევა“, – ამბობს მერებაშვილი.
სამოქალაქო სექტორის თქმით, აღნიშნულ ღონისძიებებს “ქართული ოცნება” არამარტო პიარისთვის, არამედ საკუთარი მხარდამჭერი მუსიკოსების ფინანსური კმაყოფილებისთვისაც იყენებს.
“ამისთანა მომღერლები გვყავს ქალაქიდან, რომლებიც იმარჯვებდნენ სხვადასხვა კონკურსებში, მაგრამ იმათ არ იწვევენ, იმიტომ რომ ოპოზიციურად არიან განწყობილები და არჩევანს აკეთებენ საკუთარი კარის მომღერლებზე“, – ამბობს ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი შემსრულებლებისთვის გათვალისწინებული ჰონორარები ქართულ რეალობას აცდენილია.
“ბიუჯეტის ფლანგვასთან გვაქვს საქმე. თუ დააკვირდებით, სოფლის პროგრამით 12 000-14 000 ლარია ხოლმე გამოყოფილი თითო სოფლისთვის და უკვე ანეკდოტად იქცა ის ამბავი, რომ ხან ტუალეტს უდგამენ და ხან ორ-მოხუციან სოფელს – კარუსელს… რომ ეკითხებიან, რატომ აკეთებთ ასეო, ამბობენ, ფინანსები მეტი არ არისო.
და ამ დროს, ერთი საღამოს გულისთვის აი, ასეთ კარის მომღერლებს უხდიან12 000-15 000 ლარებს. აი, ეს არის მთელი სოფლის მასხარად აგდება”, – ამბობს ედიშერაშვილი.
ინფორმაციისთვის, “გორის დღეზე” სიმღერისთვის “ქუჩის ბიჭებს” 13 000 ლარი გადაუხადეს. ჯერჯერობით უცნობია ამ დღისთვის გაწეული სხვა ხარჯების ოდენობა, თუმცა წინა წლების პრაქტიკით, ის ათასობით ლარია.
| რა იყო “გორის დღეების” იდეა და მიზანი წლების წინ?
“მოზაიკა” ესაუბრა ლექსო ვალიაურს, რომელიც მაშინ ხელმძღვანელობდა გორის კულტურის სახლს, როცა “გორის დღე” დაწესდა.
“უშუალოდ გორის დღეები დაერქვა 2013 წელს, როდესაც პირველად ჩავატარეთ ეს დღესასწაული. მანამდე არსებობდა ქართლის დღეები და უფრო რეგიონული დღესასწაული იყო. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ უფრო ქალაქური დატვირთვა მიგვეცა და გავაკეთეთ გორის დღეები“, – იხსენებს ვალიაური.
მისი თქმით, დღესასწაულის კონცეფცია თავიდან კულტურულ – საგანმანათლებლო იყო.
“პირველ წელს იყო სამდღიანი, შემდეგ – ოთხდღიანი და ბოლოს ორკვირიანი. გვინდოდა, რომ ქალაქის და ქვეყნის ისტორიისთვის ხაზგასმა გაგვეკეთებინა, გვემუშავა ცნობიერების ამაღლებაზე. მაგალითად, დავნერგეთ მწვანე ფესტივალი, გვინდოდა გორი სთრითარტებისა და როკ-ფესტივალების ქალაქი ყოფილიყო.“
ვალიური ხაზს უსვამს, რომ “გორის დღეების” ოქტომბერში აღნიშვნას ლოგიკური საფუძველი ჰქონდა.
“ამას თავისი დატვირთვა ჰქონდა – ოქტომბერში გლეხს უკვე მოყვანილი ჰქონდა მოსავალი, დაბინავებული იყო და შესაძლებელი ხდებოდა ადგილობრივის პროდუქციის წარდგენა. ეს იყო დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი იდეა – ქალაქის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას შევწეოდით.“
მისი თქმით, წელს პირველად მოხდა პრეცედენტი, როცა გორის დღეების თარიღი შეიცვალა და ოქტომბრის ნაცვლად სექტემბერში გადაიტანეს.
“ეს მოხდა იმისთვის, რომ არჩევნებს დამთხვეოდა. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენება. ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ეს ფაქტი გაკონტროლდებოდა, მაგრამ საქართველოში, სადაც ავტორიტარიზმი უფრო და უფრო მყარი ხდება, მოლოდინი, რომ რეაგირება მოხდება, უბრალოდ არ არსებობს“, – აცხადებს ვალიაური.
ყოფილი დირექტორის შეფასებით, დღეს “გორის დღე” აღარ ასახავს იმ იდეას, რისთვისაც შეიქმნა და ახლა უკვე მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია.