სტატიები

“პრობლემებს ფარავენ ამ ტაშ-ფანდურით” – ორ თვეში ხაშურელებს 10 კონცერტი ჩაუტარეს

“რეალურ პრობლემებს ფარავენ ამ ტაშ-ფანდურით”, – ასე ეხმაურება მოქალაქეების ნაწილი ხაშურში ბოლოდროინდელი კონცერტების სიმრავლეს. 

მხოლოდ წინასაარჩევნოდ, აგვისტო-სექტემბრის თვეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში 10-ზე მეტი კონცერტი ჩატარდა. ხან კულტურის სამინისტროს, ხანაც კი ხაშურის მერიის ორგანიზებით, ხაშურს სტუმრობდნენ “ქუჩის ბიჭები”, ნინი ქარსელაძე, ენრიკო ჯანელიძე, ზუკა ხუციშვილი, რუსა მორჩილაძე, აჩიკო მეფარიძე, კვარტეტი “ძველი თბილისი”, “New One” და ანსამბლი “ნართები”.

მაგალითად, მხოლოდ “ხაშურ-ქალაქობის” გალა კონცერტში მონაწილე შემსრულებლების ჰონორარებმა 20 250 ლარს მიაღია.

კიდევ ერთი კონცერტია დაგეგმილი 1-ელ ოქტომბერს. ამჯერად, არჩევნებამდე 3 დღით ადრე, “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარედ კონცერტს გამართავს ჯგუფი “ურსა”. 

მოქალაქეები “ქართული ოცნების” ამგვარ პოლიტიკას დაცინვად, პრობლემების დაფარვის მცდელობად და ფინანსების არაგონივრულ ხარჯვად აფასებენ. 

გზების და ჭების პრობლემა ვერ მოგიგვარებიათ ხალხისთვის, დაუშრათ ხალხს ჭები..  კანალიზაციები დაუზიანეთ და მიუტოვეთ ისე, ვითომ თქვენ არ გეხებათ… რა გეკონცერტებათ? კონცერტი მაშინაა კარგი, როცა ყველაფერი მოგვარებულია“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი ლალი ოქროპირიძე. 

მოქალაქეთა პრობლემები პირდაპირ კავშირშია ცხოვრების ხარისხთან – ხაშურელები წლებია სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემის და გზების პრობლემებზე ჩივიან. ვითარების გამოსწორებას “ქართული ოცნება” მათ წლებია პირდება, თუმცა 13 წლის შემდეგ, “ოცნების” მერობის კანდიდატი საკითხზე საუბარს მობოდიშებით იწყებს და იგივე დაპირებას იმეორებს. 

ბოდიში მინდა მოვუხადო ხაშურის მოსახლეობას, იმ დისკომფორტისთვის, რაც ხაშურშია და რაც გამოიწვია წყალარინების და წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტმა. […] ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ გზების რეაბილიტაციას“, – განაცხადა ჩადუნელმა.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ხალხის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის შემთხვევაში, 13 წელი საკმარისი იქნებოდა ხაშურში ვითარების გასაუმჯობესებლად. როგორც ადგილობრივების ნაწილი ამბობს, “ოცნება” მათ საჭიროებებს ახლაც უგულებელყოფს და კრიზისული სიტუაციის გადაფარვას კონცერტებით და ხელოვნურად შექმნილი მხირაულებით ცდილობს. 

მეტი როგორღა დაგცინონ? გზაზე ვერ გაივლი ხაშურში, ისეთი მდგომარეობაა. რაც რეალური პრობლემაა, იმას ფარავენ ტაშ-ფანდურით …  რა გეკონცერტებათ, ყელამდე ლაფში ხართ. თქვენ, პენსიონრები და არამარტო, კაპიკებს ითვლით და თვიდან თვემდე თავი ვერ გაგაქვთ და ამათმა 1 საათი რომ ჩაგიტარონ კონცერტი, 10 000 ლარებს იდებენ ჯიბეში“, – წერს სოციალურ ქსელში ანუკი კაპანაძე. 

არავინ უნდა მივიდეს მაგათ დაგეგმილ ვითომ კონცერტებზე, უაზროდ ამდენი ათასები იხარჯება და ამ დროს, ხალხი  წყლის და გზის პრობლემებზე წუხს“, –  აღნიშნავს გიული ხაჩიძე. 

მოქალაქეები ამ მოსაზრებებს ხაშურის მერიის ფეისბუქ გვერდებზეც გამოხატავენ. მათი საჯარო და ხილული უკმაყოფილების ფონზე კი, ადგილობრივი ხელისუფლება კვირაში რამდენჯერმე  მორიგი კონცერტის ანონსს აქვეყნებს და ადგილობრივებს მუსიკალურ საღამოზე ეპატიჟება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი