სტატიები

მკვლელობის მცდელობა კასპში – ქალი დამწვრობის ცენტრში რჩება, ყოფილი ქმარი კი პატიმრობაშია

ქალი, რომლის მოკვლაც ყოფილმა მეუღლემ სცადა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. მის დასახმარებლად მოქალაქეებმა თანხის შეგროვებაც დაიწყეს. 

როგორც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციური განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, ქალს მრავლობითი დაზიანებები აქვს. 

პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი. სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით. 40-45% არის დამწვრობა, ამას ემატება თერმო-ინჰალაციური, ანუ სასუნთქი გზების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ბასრი საგნით ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, თუმცა გულმკერდის ღრუში შემავალი არაა“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ლაშა იაშვილმა.

ყოფილი ცოლის მოკვლის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დაკავებულის ადვოკატი წინა დღეებში ამბობდა, რომ ზ.ბ. ბრალს აღიარებდა, თუმცა პროცესზე მან დუმილის უფლება გამოიყენა. 

სასამართლოზე ისაუბრა პროკურორმა. როგორც ბრალდების მხარემ აღნიშნა, დაკავებული ნარკოტიკსა და აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. პროკურორის თქმით, ზ.ბ. მეუღლეს სისტემატიურად სთხოვდა შერიგებას, საბოლოო უარის შემდეგ კი მისი მოკვლა განიზრახა. 

ბურდული ყოფილ მეუღლეს სისტემატურად სთხოვდა შერიგებას, მისგან საბოლოო უარის მიღების შემდეგ, ბურდულმა ყოფილი მეუღლის მოკვლა განიზრახა. რამდენიმე დღით ადრე შეიძინა ბენზინი, სადაბრაზოსთან დახვდა, ჯერ 2-ჯერ ჩაარტყა დანა, შემდგომ გადაასხა აალებადი სითხე და შეეცადა დაწვას, ფაქტს შეესწრო დაზარალებულის დედა“, – განაცხადა პროკურორმა ბარბარე ჩხეიძემ.

პროკურორის თქმით, საქმეში დევს დედის ჩვენებაც, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი წარსულშიც გამხდარა.

ივნისის თვეში, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერი. დაზარალებულის დედის თქმით წარსულშიც არაერთი ფაქტი ყოფილა შეურაცხყოფის.

2023 წელს 260-ე მუხლით გაამტყუნეს, მანამდეც არაერთხელ არის ნასამართლევი. დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება და ასევე ალკოჰოლური სიმთვრალე, ბრალდებილი დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე“, – აღნიშნა პროკურორმა.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ ზ.ბ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა კი 20 ნოემბერს ჩანიშნა. 

შეგახსენებთ, რომ კასპში კაცმა ყოფილ მეუღლეს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. გამოძიების ვერსიით, მან ახალგაზრდა ქალი ჯერ დანით დაჭრა, შემდეგ მჟავა შეასხა და ბოლოს დაწვის მიზნით, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალის გადარჩენა მეზობლებმა შეძლეს, რის შემდეგაც ის კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. 

დაკავებულ მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.