სტატიები

გორის საკრებულომ „ოცნების“ შემომწირველს ვალდებულებების შესრულების ვადები მეორედ გაუხანგრძლივა

„ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი ჯალაბაძის კომპანიამ “აგრო მოლი” არ შეასრულა ის პირობები, რომლის შესრულების შეთანხმებითაც მერიისგან მიწები იყიდა. 

საუბარია გორში მდებარე სამ მიწის ნაკვეთზე, რომლებიც ჯალაბაძემ 2021-2022 წლებში შეიძინა. ბიზნესმენმა განაშენიანების პირობები არც ერთ მიწის ნაკვეთზე არ შეასრულა, ამიტომ საკრებულოს თხოვნით მიმართა და პირობების შესასრულებლად, ვადების გახანგრძლივება სთხოვა. 

ჯალაბაძის კუთვნილი ტერიტორია ავტოსადგურის მიმდებარედ.

სამივე შემთხვევაში, საკრებულომ “აგრო მოლს” თხოვნა დაუკმაყოფილა. კომპანიის 100%-ს მფლობელი „ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი ჯალაბაძეა. ის არის პარტიის შემომწირველიც. ჯალაბაძემ 2016 წელს “ოცნებას” 25 000 ლარი გადაურიცხა.

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, გიორგი ჯალაბაძემ მერიისგან ჯამში 54 092 კვ. მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთები შეიძინა. სამივე მიწის ნაკვეთი, ავტოსადგურის მიმდებარედ, ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობს.

დოკუმენტების მიხედვით:

– 2021 წელს, 24 768 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი ჯალაბაძის კომპანიამ 1 056 000 ლარად შეიძინა;

– 2021 წელს, 9 723 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთში კომპანიამ 402 050 ლარი გადაიხადა;

– 2022 წელს, 19 601 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი “აგრო მოლმა” ” 973 500 ლარად იყიდა;

ხელშეკრულებების მიხედვით, “აგრო მოლი” ვალდებული იყო 2 წლის ვადაში მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება განეხორციელებინა, მაგრამ კომპანიამ ეს არ გააკეთა. სამივე ნაკვეთის შემთხვევაში, ჯალაბაძემ მერიასთან დადებული შეთანხმების პირობები დაარღვია. 

აღსანიშნავია, რომ ჯალაბაძემ დადებული პირობების შესასრულებლად ვადის გახანგრძლივება ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ 2023 წელს ითხოვა. მაშინ სამუშაოების შეფერხების მიზეზად, “აგრო მოლმა” პანდემია დაასახელა და ვადის გახანგრძლივება 2 წლით ითხოვა. 

თუმცა როგორც ბოლო საკრებულოს სხდომაზე გაირკვა, კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია და ამჯერად, ხელისუფლებას დამატებითი დროის სახით, 4 წელს სთხოვს.

ჯალაბაძე ამბობს, რომ ინვესტიციები უკვე მოიზიდა და მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს, მოცულობიდან გამომდინარე კი, მას დამატებით ოთხი წელი სჭირდება. 

“კომპანიამ მოიზიდა მსხვილი ინვესტიციები  ფართო და მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად, რომელიც წაადგება ქალაქის ურბანულ განვითარებას” აღნიშნული პროექტის განხორციელებას სჭირდება უფრო დიდი დრო, ვიდრე ეს არის განსაზღვრული ვალდებულებით”, – წერს ჯალაბაძე ხელისუფლებას.

ჯალაბაძის თხოვნა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მას პირობის შესასრულებლად დამატებითი დრო მისცეს, თუმცა მხოლოდ 2 წლის ვადით.  ბიზნესმენი ტერიტორიაზე სამაცივრე მეურნეობის მოწყობას გეგმას და როგორც თავად ამბობს, აპირებს, რომ ასეულობით ადამიანი დაასაქმოს. 

დატოვეთ კომენტარი