სტატიები

“კასპობისთვის” 42 146 ლარი დაიხარჯება – თანხას შპს “სპორტ აქტივი” მიიღებს​

კასპის ხელისუფლების გადაწვეტილებით, წელს სახალხო დღესასწაული “კასპობა” 21 სექტემბერს გაიმართება. 

დღესასწაულისთვის ბიუჯეტიდან 42 146 ლარი დაიხარჯება. ამ თანხას კი ტენდერის ერთადერთი მონაწილე კომპანია “სპორტ აქტივი” მიიღებს.

კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ეს თანხა მოიცავს დეკორაციების, ფოიერკვერკის, წამყვანის და მუსიკალურ შემსრულებლების ხარჯებს. მაგალითად:

  • ღონისძიებას ეყოლება 4 წამყვანი და მათი ჯამური ანაზღაურება 2 800 ლარი იქნება;
  • ქართული ჭიდაობის მუსიკალური გაფორმებისთვის 1000 ლარი დაიხარჯება;
  • მულტფილმისა და ზღაპრის გმირების შოუსთვის გათვალისწინებულია 3 600 ლარი;
  • მედლების და თასების შესაძენად გამოყოფილია 5 150 ლარი. 
  • ფაეტონის, არღანის და მედუდუკეთა დასის ხარჯი კი 2 700 ლარი იქნება. 

“კასპობისთვის” ასევე დაგეგმილია 170 კგ. სამწვადე ხორცის შეძენა, რისთვისაც 3 400 ლარი დაიხარჯება. 

აღსანიშნავია, რომ წინა წლებში “კასპობა” ოქტომბერში აღინიშნებოდა. მაგალითად, გასულ წელს სახალხო დღესასწაული 5 ოქტომბერს მოეწყო და ბიუჯეტიდან 39 000 ლარი დაიხარჯა. 

წელს კი ღონისძიებები არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, სექტემბერში ჩატარდება. 

რაც შეეხება შპს “სპორტ აქტივს”, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ კვესაძეა. ის იკავებს კომპანიის დირექტორის პოზიციასაც. მან წილები და თანამდებობა სრულიად უსასყიდლოდ მიიღო ნინო მჭედლიშვილისგან. დაფუძნებიდან დღემდე, კომპანიას 110 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული და ბიუჯეტიდან ჯამში 809 181 ლარი აქვს მიღებული. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.