სტატიები

როგორ ხდება სახელმწიფო ქონების გასხვისება გორში – მყიდველებს შორის „ოცნების“ შემომწირველები არიან

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, შიდა ქართლში სახელმწიფოს და მუნიციპალატიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ან პირობიანი აუქციონის გზით აღმოჩნდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისა და პარტიის შემომწირველების ხელში.

მიწის შესყიდვებთან ერთად, არის შემთხვევები, როცა მყიდველებს მერიის ან სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ დაწესებული პირობები – მაგალითად, ნაკვეთის განაშენიანება – არ შეუსრულებიათ.

„მოზაიკამ“ შეაგროვა სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გასხვისების ფაქტები, რომელიც ოპოზიციის შეფასებით, აჩვენებს პრაქტიკას, რომ ძალიან ხშირად მიწის გასხვისება ხდება მიზერულ ფასად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენებზე.

„ქართული ოცნების ჩინოვნიკები და პარტიასთან დაახლოებული ადამიანები განსაკუთრებულად შესეულები არიან გორსა და გორის მუნიციპალიტეტზე და ცდილობენ მაქსიმალურად მეტი მიწის ნაკვეთები მიიღონ, მაქსიმალურად მიიტაცონ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს ქონება“, – ამბობს გორის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ბექა ქორჩილავა, რომელიც წლების განმავლობაში, ხედავდა, თუ როგორ ხვდებოდა “ქართული ოცნებასთან” დაახლოებული პირებისთვის სასურველი უძრავი ქონებები საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. 

| ბიზნესმენმა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ახლა მაჟოტარობის კანდიდატად წარადგინა, ბერბუკის დასახლებაში 12 826 კვ.მ. მიწა იყიდა 

ვასილ ოსიშვილმა, რომელიც “ქათული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია წმინდაწყლის დახალებაში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა სახელმწისგოსგან. 

უძრავი ქონება, რომელიც ოსიშვილის კომპანიამ შიეძინა, სოფელ ბერბუკში მდებარეობს. მისი ფართობი 12 826 კვ.მ-ია. შპს “თბილმა სახლმა” ნაკვეთში 516 000 ლარი გადაიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვადრატულ მეტრში 40 ლარი გადაიხადა. 

ოსიშვილების ოჯახს კიდევ 11 კომპანია ეკუთვნის. მაშ შორისაა სუპერმარკეტების ქსელი “ბეღელი”.  აღნიშნული კომპანია მათ 2022 წელს დააფუძნეს. მას შემდეგ, ბიზნესი ეტაპობრივად გაფართოვდა და ამჟამად, “ბეღელს” გორში რამდენიმე ფილიალი აქვს.

ოსიაშვილების სუპერმარკეტების ქსელთან თანამშრომლობენ საბიუჯეტო დაწესებულებებიც – დაფუძნებიდან დღემდე, კომპანიასთან 47 გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმეს და 10 490 ლარის პროდუქცია შეიძინეს.

| “ქართული ოცნების” შემწირველმა იყიდა მიწის ნაკვეთი შინდისის გმირების ქუჩაზე

“ქართული ოცნებისთვის” თანხის შეწირვის შემდეგ, ბიზნესმენმა გიორგი რაზმაძემ გორის მერიისგან მიწა იყიდა – შინდისის გმირების ქუჩაზე მდებარე მიწის 764 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთში რაზმაძემ 28 000 ლარი გადაიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვადრატული ბიზნესმენმა 37 ლარად შეიძინა. 

მერიამ მიწა იმ პირობით გაყიდა, რომ პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში უნდა მომხდარიყო მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, თუმცა ოცნების შემომწირველმა კომპანიამ ეს პირობა დაარღვია.

რაც შეეხება, შემოწირულობას, ბიზნესმენმა “ქართულ ოცნებას” 2021 წელს გადაურიცხა 4 000 ლარი. რაზმაძის სახელზე 4 სხვადასხვა კომპანია ფიქსირდება – შპს “გრინ ვორლდ”, “გზგ გრუპი”, “გლგ კომპანი” და “გოლდენ ჰაბი”.

| გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა იყიდა

ერთ-ერთი ბოლო მიწის ნაკვეთი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაყიდა კომბინატის დასახლებაში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ, საბავშვო ბაღის გვერდით მდებარეობს. მიწა ბიზნესმენმა დავით სტეფანიშვილმა შეისყიდა. აღნიშნული პიროვნება, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი კომპანიის დირექტორის ბიზნესპარტნიორია.

საუბარია შპს “იბოლიაზე”, რომლის ერთ-ერთი დირექტორს დავით გოდერძიშვილს და დავით სტეფანიშვილს საერთო ბიზნესი აქვთ – შპს “კაპიტალ ვორქსის” დირექტორად სტეფანიშვილს სწორედ დავით გოდერძიშვილი ჰყავს დანიშნული.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, დავით სტეფანიშვილმა გორის მერიისგან მიწა ელექტრონული აუქციონის საშუალებით შეისყიდა. მიწის ფართობის 3 864 კვადრატული მეტრია, რაშიც სტეფანიშვილმა 550 000 ლარი გადაიხადა. ამ შემთხვევაში კვადრატული მეტრის ღირებულება 142 ლარს შეადგენს. მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით, მიწის ნაკვეთი იმ პირობით გაყიდა, რომ ახალი მფლობელი 2 წლის ვადაში აღნიშნულ ტერიტორიას გაანაშენიანებს და აშენებულ ობიექტს ექსპლუატაციაში მიიღებს.

მყიდველი ვალდებულია მშენებლობისას მაქსიმალურად შეინარჩუნოს მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაძვის ხეები, ხოლო თითოეული ხის მოჭრის შემთხვევაში, დარგოს 10 ვერცხლისფერი ნაძვის ხე, მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, რომელსაც მოუვლის 2 წლის განმავლობაში“, – ვკითხულობთ პირობაში, რომელიც მერიის მითითებით, მყიდველმა უნდა შეასრულოს.

„იბოლია“ და მისი  მფლობელები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. კომპანიას პარტიისთვის 20 000 ლარი აქვს გადარიცხული. „ქართული ოცნების“ ყოფილ პარლამენტარს იოსებ მაკრახიძეს, რომელიც „იბოლიას“ დირექტორი და 4%-იანი წილის მფლობელია პარტიისთვის ჯამში 100 000 ლარი აქვს შეწირული. ოცნების შემომწირველია ასევე „იბოლიას“ 10%-ს მფლობელი ზვიად ჩხობაძეც. მას პარტიისთვის 60 000 ლარი აქვს გადარიცხული.

| თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი “ქართული ოცნების” წევრმა იყიდა

გორში, თამარ მეფის ქუჩა  N81-ზე მდებარე მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მფლობელი შპს “ეიჯი დეველოპმენტ” ჯგუფია, რომლის დირექტორი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გურამ კორინთელია. 

მიწის ყიდვის დროს გურამ კორინთელი საკრებულოს წევრი ჯერ არ იყო, თუმცა ის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გორის  “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში იყო. კორინთელმა საკრებულოში გიორგი სოსიაშვილი ჩაანაცვლა. 

აღნიშნული მიწა გორის მერიისგან კომპანიამ 2023 წელს იყიდა. მიწის საერთო ფართობი 685 კვადრატული მეტრია, რაშიც “ეიჯი დეველოპმენტ ჯგუფმა” 55 000 ლარი გადაიხადა, ანუ კვადრატული მეტრის ფასი 80 ლარი იყო.

გარდა ამისა, გურამ კორინთელის კომპანია იმარჯვებს გორის მერიის ტენდერებშიც. ამის შესახებ, “მოზაიკა” ჯერ კიდევ 2023 წელს წერდა.

| სამეფო ქუჩაზე მდებარე, კულტურის ყოფილი სახლის ოფიციალური მფლობელი 23 წლის ნიკა გორგიშელი გახდა

გორში სამეფო ქუჩაზე მდებარე კულტურის ყოფილი სახლის ოფიციალური მფლობელი 23 წლის ნიკა გორგიშელია. დოკუმენტების მიხედვით, ნიკა გორგიშელმა უძრავი ქონება 322 300 ლარად მერიისგან შეიძინა. ის ელექტრონული აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. მერიას ქონების საწყის ფასად 293 000 ლარი ჰქონდა დასახელებული. გორგიშელმა კი შენობა თანხის 10%-იანი ნამატით იყიდა.

როგორც “მოზაიკას” ეუბნებიან, რეალურად ფართი ნიკა გორგიშელის ახლობელმა, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა, გიორგი გორგიშელმა იყიდა, რომელიც ოფიციალური მონაცემებით, 3 სხვადასხვა კომპანიას ფლობს. მათ შორის არის შპს “ბი ემ დი სი კაპიტალი”, რომლის დირექტორი და 100%-ს მფლობელი თავად გორგიშელია. აღსანიშნავია, რომ გიორგი გორგიშელს წარსულში გორის მერიისგან სხვა ქონებაც აქვს შეძენილი – 2023 წელს მან უწყების საკუთრებაში არსებული მიწა იყიდა აუქციონზე. კერძოდ, ჩუბინიშვილის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, რაშიც მან 621 000 ლარი გადაიხადა.

| უძრავი ქონებების გასხვისება გენ.გეგმის დამტკიცების გარეშე ხდება

გორში უძრავი ქონებების გასხვისება და სამშენებლო ნებართვების გაცემა გენ.გეგმის გარეშე ხდება. ოპოციზია ფიქრობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გენერალური გეგმის დამტკიცებას განგებ აჭიანურებს. 

ცდილობენ მაქსიმალურად მეტი მიწის ნაკვეთები მიიღონ, მაქსიმალურად მიიტაცონ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს ქონება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ამტკიცებენ ქალაქის განაშენიანების გენ.გეგმას, რადგან პრაქტიკულად, შეგვიძლია იმის თქმაც, რომ მუნიციპალიტეტში სკვერებიც კი გაყიდეს და სტრატეგიული ობიექტების გასხვისებაზე არიან გადასულები“, – ამბობს ბექა ქორჩილავა, ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა. 

მიწების გასხვისების კორუფციულ პრაქტიკაზე საუბრობს კოალიციის „ცვლილებებისთვის“ წევრი საბა ბულისკერიაც. ის აცხადებს, რომ ზოგიერთ გარიგებაში „ქართულ ოცნებასა“ და მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს შორის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი იკვეთება.

ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, სახელმწიფო უძრავი ქონების პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის უსასყიდლოდ, გამარტივებულად და ა.შ. გადაცემა არაა ახალი ამბავი. ამით “ქართული ოცნება” ბიზნესის მხარდაჭერის შენარჩუნებას ცდილობს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე.  სახელმწიფო ქონების კორუფციული გზებით გადაცემა პარტიასთან დაახლოებული პირზე დემოკრატიული სახელმწიფოში სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა სამწუხაროდ დღეს ჩვენს სახელმწიფოში სამართალიც “ქართულ ოცნებას” აქვს მიტაცებული“, – აცხადებს საბა ბულისკერია.

სახელმწიფო ქონების გადაცემა „ქართული ოცნების“ შემომწირველებსა და პარტიასთან დაკავშირებულ ბიზნესმენებზე, ხშირად შეუსრულებელი ვალდებულებებით, ოპოზიციის შეფასებით, მიუთითებს სისტემურ კორუფციულ პრაქტიკაზე. სამოქალაქო საზოგადოებაში ამბობენ, რომ ეს ტენდენცია გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხეს უქმნის ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის ინტერესებს.

დატოვეთ კომენტარი