გორში, კომობინატში სროლის ფაქტზე, პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი 5 მუხლით წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, გორში, სამმა პირმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ პირს. იმავე დღეს, დაზარალებული სამ პირთან ერთად სიტუაციაში გარკვევის მიზნით შეხვდა თავდამსხმელებს და მათ თანმხლებ სამ პირს, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირსპირებისას ერთმა პირმა მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად ორი პირი დაჭრა, ხოლო იქ მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.მომხდარის შემდეგ ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.
“სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იგი თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას და ნარკოტიკულ საშუალებას“, – წერია განცხადებაში.
ფაქტზე დაკავებულია 6 პირი. ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.
“ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის ჯანმრთელობას, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთ პირს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს პროკურატურა.