“ნარკოტიკის მომხმარებლების რაოდენობა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა”, – უთხრა “მოზაიკას” ქეთევან ბიძინაშვილმა, რომელიც წლებია პრევენციული და ზიანის შემცირების პროგრამებს ახორციელებს რეგიონში.
ორგანიზაია “ნაბიჯი მომავლისთვის” ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს:
- მობილური ამბულატორია, რომელიც გადაადგილდება და ადგილზე სთავაზობს მომსახურებას მომხმარებლებს;
- სოციალური მუშაკები, რომლებსაც ხშირად უჭირთ მომხმარებელთან კონტაქტის დამყარება კანონმდებლობის შიშის გამო;
- უფასო ანონიმური სკრინინგი და ტესტირება – აივ, B და C ჰეპატიტზე, სიფილისსა და ტუბერკულოზზე;
- უფასო კონსულტაციები – ფსიქოლოგის, იურისტის და სხვადასხვა პროფილის ექიმისგან;
- სპეციალური აპარატურა – ღვიძლის დაზიანების ხარისხის შესაფასებლად და ცე-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ჩასატარებლად.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზედოზირების მართვაა. ორგანიზაცია გასცემს პრეპარატ ნალოქსონს, რომელსაც ჩვეულებრივ მხოლოდ საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში შეხვდებით.
„ნალოქსონი ჩვენ უსასყიდლოდ გვაქვს. ის ოპიატური ნარკოტიკის ზედოზირებისას გამოიყენება და მისი გაცემა ხდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება,“ – ამბობს ქეთევან ბიძინაშვილი.
ორგანიზაცია თვეში ერთხელ ატარებს პაციენტთა სკოლას, სადაც ყველა დაინტერესებული პირი სწავლობს, როგორ გაუწიოს პირველადი დახმარება ზედოზირების შემთხვევაში.
როგორც ბიძინაშვილი ამბობს, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ეპიდსიტუაციას ვერ გააუმჯობესებს და პირიქით, არსებულ სიტუაციაზე კონტროლსაც შეამცირებს.
“ნარკოპოლიტიკის გამკაცრების დროს, მოსალოდნელი სასჯელის გამო, იზრდება შიში და ადამიანები უკვე უარს ამბობენ ყველანაირ მკურნალობაზე, სადაც შიშობენ, რომ მათი იდენტიფიცირება მოხდება. ეს პრობლემა ისედაც დგას და ამის გამო, დაავადებების გავრცელების რისკები იზრდება”.
ბიძინაშვილის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ჰეპატიტებით და აივ-ით ინფიცირებული ადამიანები მკურნალობაზე უარს ამბობენ და დაავადების გავრცელების წყაროები ხდებიან. ასეთი ფაქტების შემცირება კი, სპეციალისტის აზრით, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებით და სხვადასხვა პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით არის შესაძლებელი.