“მოზაიკას” ინფორმაციით, გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე ბუზალაძემ კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორად ლექსო გორგაძე დანიშნა.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, გორგაძე აღნიშნულ ა(ა)იპ-ში მუშაობდა, თუმცა სამსახურში არ დადიოდა და თანამშრომლების უმრავლესობა მას არ იცნობს.
“დღეს გვითხრეს სახელი და გვარი და არც ვიცოდით, ვინ იყო. მერე გავიგეთ, რომ თურმე ჩვენი თანამშრომელი ყოფილა. ჯერ არ მოსულა. რომ მოვა, გავიცნობთ“, – უთხრეს “მოზაიკას”.
შეგახსენებთ, რომ გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ბარჯაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ბარჯაძის გათავისუფლებაზე საუბარი პოსტზე კონსტანტინე ბუზალაძის მოსვლისთანავე დაიწყო, თუმცა არსებობდა ვარაუდი, რომ საკადრო ცვლილება თვითმმართველობის არჩევნებამდე არ განხორციელდებოდა.
თანამდებობის დატოვებას ადასტურებს ბარჯაძეც, თუმცა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად მიიღო.
“პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა, ოჯახური პირობების გამო“, – გვითხრა ბარჯაძემ.
გიორგი ბარჯაძე კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორად 2021 წლიდან მუშაობდა.