სტატიები

რა ხდება ტინისხიდში? – ვინ მოიპოვებს მტკვარში ქვიშა-ხრეშს და რაზე ჩივიან ადგილობრივები

ტინისხიდში ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ კარიერის გადამზიდი სატვირთოები გზას აზიანებენ. ამის შესახებ მოქალაქემ სოციალურ ქსელშიც დაწერა. 

როგორც ნანა გოგიჩაიშვილი წერს, სატვირთოები ტინისხიდის საავტომობილო გზაზე ინტენსიურად გადაადგილდებიან, რის გამოც სახლების კედლები ებზარებათ. 

“დაგვენგრა სახლები ზანზარით, ბზარები გაუჩნდა კედლებს. სოფლის გზაზე დადიან ეგრეთ წოდებული “მაზიის” მარკის მანქანები. ეს მანქანები სულ ხრეშით არიან დატვირთული. მიხედეთ ამ კარიერს, გთხოვთ“, – წერს გოგიჩაიშვილი.

პრობლემის შესახებ საქმის კურსში არ არის მერის წარმომადგენელი დავით ავაზნელი. როგორც მან გვითხრა, აღნიშნული სატვირთოები სოფლის შიდა გზებით არ სარგებლობენ. 

“სატვირთოები მხოლოდ ცენტრალურ გზაზე მოძრაობენ, უშუალოდ სოფლის შიდა გზებს არ ეხებიან. ხმაური ნამდვილად შეიძლება შეიქმნას, რადგან გზები ამორტიზირებულია. სახლების ბზარებზე საუბარი კი ჩემამდე არ მოსულა და შეუძლებლადაც მეჩვენება, რადგან სოფლის შიდა გზაზე მოძრაობა არ ხდება“, – გვითხრა ავაზნელმა.

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ტინისხიდში, მდინარე მტვარზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია აქვს შპს “ტინისხიდი-მკვარს”. აღნიშნული კომპანიის მფლობელად დაფიქსირებულია მერაბ გოგიაშვილი, რომელიც გარდა “ტინისხიდი-მკვარისა”, წილებს ფლობს 4 სხვადასხვა კომპანიაში –  “გ2 ინერტიში”, “ბერბუკში”, “ბანიში” და “როუდ სერვის ჯორჯიაში”. 

“მოზაიკა” ადგილობრივების პრეტენზიების თაობაზე კომპანიის მფლობელსაც დაუკავშირდა. როგორც გოგიაშვილა გვითხრა, ერთადერთი პრობლემა, რასაც მისი სატვირთოები ქმნიდნენ, გარემოს დაბინძურება იყო. 

მტვერი დგებოდა და ვიყიდე მანქანები, დღის განმავლობაში ირწყვება. დანარჩენი არ ვიცი, რაღაცა გამოგონილი ამბავია“, – გვითხრა გოგიაშვილმა.

მერაბ გოგიაშვილმა მდინარე მტკვარში ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია 2024 წლის 22 ივლისს მიიღო. ლიზენციას ვადა 2029 წლის აგვისტოს ჩათვლით აქვს. 


დატოვეთ კომენტარი