ახალი ამბები

გორში კულტურის ყოფილი სახლის ოფიციალური მფლობელი 23 წლის ნიკა გორგიშელია

გორში სამეფო ქუჩაზე მდებარე კულტურის ყოფილი სახლის ოფიციალური მფლობელი 23 წლის ნიკა გორგიშელია. დოკუმენტების მიხედვით, ნიკა გორგიშელმა უძრავი ქონება 322 300 ლარად მერიისგან შეიძინა. ის ელექტრონული აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. მერიას ქონების საწყის ფასად 293 000 ლარი ჰქონდა დასახელებული. გორგიშელმა კი შენობა თანხის 10%-იანი ნამატით იყიდა.

როგორც “მოზაიკას” ეუბნებიან, რეალურად ფართი ნიკა გორგიშელის ახლობელმა, გიორგი გორგიშელმა იყიდა, რომელიც ოფიციალური მონაცემებით, 3 სხვადასხვა კომპანიას ფლობს. მათ შორის არის შპს “ბი ემ დი სი კაპიტალი”, რომლის დირექტორი და 100%-ს მფლობელი თავად გორგიშელია. აღსანიშნავია, რომ გიორგი გორგიშელს წარსულში გორის მერიისგან სხვა ქონებაც აქვს შეძენილი – 2023 წელს მან უწყების საკუთრებაში არსებული მიწა იყიდა აუქციონზე. კერძოდ, ჩუბინიშვილის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, რაშიც მან 621 000 ლარი გადაიხადა.

ახალმა მფლობელმა, აუქციონის პირობების მიხედვით, პრივატიზებიდან 5 თვის ვადაში უნდა მოახდინოს არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

“მოზაიკამ” სცადა იმის გარკვევას, თუ რის გაკეთებას აპირებს ახალი მეპატრონე ამ ტერიტორიაზე, თუმცა ნიკა გორგიშელმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შენობას 2024 წლის მაისში ხანძარი გაუჩნდა. ადგილობრივების ნაწილი ხანძრის გაჩენას საეჭვოდ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ შენობა, შემდგომი განსხვისების მიზნით დაწვეს.

იმან გადაწვა ვისაც უნდა რომ იაფად შეისყიდოს“, – ამბობდნენ მაშინ ადგილობრივები.

დაწვის შემდეგ სახელმწიფო ქონების ფასი თითქმის სამჯერ შემცირდა.

დატოვეთ კომენტარი