სტატიები

პუტინის გარემოცვასთან დაკავშირებული კომპანია სურამში სასტუმროს აშენებს

სურამში, ჩუმათელეთის დასახლებაში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აშენების ნებართვა საკრებულომ კომპანია “პარკ ჰოტელს” მისცა. აღნიშნული კომპანიის მფლობელი მარიკა უგრეხელიძეა, რომლის მეუღლე საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე თენგიზ ხარებავაა. 

თენგიზ ხარებავას რუსეთში არაერთი ბიზნესი აქვს. ის კალუგის ოლქში, 2004 წელს რეგისტრირებული შპს „ხიმფარმკომპლექტის“ დამფუძნებელია. კომპანიის საქმიანობის სფეროა ორგანული და არაორგანული ქიმიკატების, მედიკამენტების წარმოება და საცალო ვაჭრობა აფთიაქებში.

„მთის ამბები” ჯერ კიდევ 2022 წელს წერდა ხარებავას რუსულ კავშირებზე, როცა რაჭაში 700 ჰექტარი მიწა ძმებ ხარებავებს თითქმის უსასყიდლოდ, 13 წლის ვადით გადასცეს.

თენგიზ ხარებავა ჩეხეთში კომპანიას TENDENCE invest s.r.o.-ს ფლობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2011 წელს, სემილის რაიონში მდებარე ციხე-სიმაგრე Hrubá Skála („სალი კლდე) 70 მილიონ კრონად შეიძინა რუსეთის მოქალაქე თენგიზ ხარებავამ და საქართველოს მოქალაქე მარიკა უგრეხელიძემ (თენგიზ ხარებავას მეუღლე). აღნიშნული ციხე-სიმაგრე მე-14 საუკუნეში ვალენშტაინის ოჯახის მიერ აშენდა. ახლა იქ სასტუმრო ფუნქციონირებს“, – წერდა “მთის ამბები”.

როგორც ირკვევა, ხარებავა და მისი მეუღლე ჩეხური მედიასაშუალების ინტერესის საგანი გახდა. „მთის ამბების” ცნობით, ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია, ფინანსური ანალიტიკური სამსახური და ჩეხეთის სპეცსამსახურები ჩეხეთის ისტორიული ძეგლების რუს მფლობელებსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს შორის კავშირებს იკვლევდნენ. მათ შორის, ამოწმებდნენ ციხე-სიმაგრის მფლობელის კავშირებს რუს ოლიგარქებთან, რომლებიც ფულს რუსულ სამხედრო ინდუსტრიაში შოულობენ.

  • ტელევიზია აღნიშნავდა, რომ ხარებავა რუსი მილიარდერის და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის – მიხაილ შელკოვის ბიზნესპარტნიორია.
  • შელკოვი კი, ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელ. ტიტანი თავის მხრივ ქიმიურ და სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ უკრაინის მთავრობამ ის ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაასანქცირა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით,რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენის სახელზე მხოლოდ ერთი სახლი და რამდენიმე კომპანიაა რეგისტრირებული. ხარებავას ქონების დიდი ნაწილის მესაკუთრე მისი მეუღლე მარიკა უგრეხელიძეა.

უგრეხელიძეს ეკუთვნის სასტუმრო “ქრაუნ ფლაზა ბორჯომიც”. ხარებავების სახელთან არის დაკავშირებული ბორჯომის მეორე საჯარო სკოლის დანგრევა. “შაბათის ფორმულას” ინფორმაციით, მათი ბიზნეს ინტერესების გამო, სკოლის შენობა რუსთაველის ქუჩაზე დაანგრიეს და მიწა ხარებავებს 1 ლარად გადასცეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.