სტატიები

დაკავებულების და პროკურატურის პოზიციები ხელთუბანში მომხდარ დაპირისპირებაზე

ხელთუბანში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით და ხუთივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულებს შორის არის 16 წლის მოზარდიც, რომელსაც მამის მსგავსად, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ხოლო 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება სამ დაკავებულს, რომლებსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. 

დაკავებულების ინტერესებს ადვოკატი მამუკა მიროტაძე იცავს. როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. 

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს სამ დაკავებულზე, რომლებიც მისი თქმით, გაშველებას ცდილობდნენ. 

არანაირად არ ძალადობდნენ, წინააღმდეგობას არ უწევდნენ, ხელს არ უშლიდნენ. კონფლიქტი დაიწყო რომ პოლიციელი მამა-შვილთან მივიდა აგრესიული ტონით, რასაც მოჰყვა შელაპარაკება, ეს თქვეს სასამართლოზე. ეს სამი შორს იდგნენ, ვიდრე კონფლიქტი დაიწყებოდა იმ ეტაპზე ადგილზე არ ყოფილან“, – გვითხრა ადვოკატმა. 

მისი თქმით, საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რომლებითაც დაკავებულების ბრალეულობები დასტურდება. 

ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ის რომ ნამდვილად სანდრო სეიფაშვილმა დაჭრა ორი პოლიციელი, ესეთი რამ არ არსებობს, გარდა დაზარალებული პოლიციელების ჩვენებისა. რაც შეეხება დანარჩენ სამს, რომ თითქოს მათ დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს, ამის ერთი ფურცელიც არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, ისინი მხოლოდ სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ და არა ძალადობრივ ქმედებას“, – განმარტა ადვოკატმა.

მიროტაძემ დღეს სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა – ოთხი პირის მიმართ 10 000 ლარის, ხოლო ერთი პირის მიმართ 20 000 ლარის ოდენობით. 

“დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ვერანაირი მტკიცებულება მათ წინააღმდეგ ვერ იქნება წარმოდგენილი, მართლა არ არიან ეს ხალხი დანაშაულის ჩამდენი და რაც დღეს იყო, ეს იქნება და მეტი არაფერი. დაკავებულები კატეგორიულად არ ეთანხმებიან წარდგენილ ბრალდებას და ეს პროცესზეც დააფიქსირეს, თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა”. 

როგორც ცნობილია, ამოღებულია კამერის ჩანაწერები. ადვოკატს იმედი აქვს, რომ ეს ვიდეოები იქნება ობიექტურობის ამსახველი. 

პროკურატურას პროცესზე პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი წარმოადგენდა. მათ პატიმრობაში დატოვებას დღევანდელ პროცესზე სწორედ პროკურატურა ითხოვდა. 

არსებობდა ხუთივე ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე მოწმეების ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. შესაბამისად ბრალდების მხარემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია“, – განაცხადა ხორგუაშვილმა. 

რაც შეეხება სროლას პოლიციელების მხრიდან, როგორც პროკურორი ამბობს, ამის მიზეზი თავდაცვა იყო. 

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა სცადა ცულის გამოყენებით პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა, პოლიციის თანამშრომელმა კანონის თანახმად, კანონის ფარგლებში გამოიყენა იარაღი და განახორციელა ჰაერში გასროლა, ამ გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა, ეს იყო გამაფრთხილებელი აგრესიის და თავდასხმის მოგერიების მიზნით“, – განაცხადა პროკურორმა. 

პროკურორის განცხადებით, “ორ ბრალდებულს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს, ედება ბრალი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში, ხოლო სამ ბრალდებულს პოლიციის წინააღმდეგობაში, ძალადობით და ძალადობის მუქარის გამოყენებით.”

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. სოფელში ჰყვებიან: 

“ერთი ოჯახის წევრები არიან დაკავებულები. ოჯახის წევრის გარდაცვალების დღე იყო და სანათესაო იყო შეკრებილი”.

“სროლა იყო და სროლის მერე მთელი სოფელი გამოვიდა. მივარდნენ-მოვარდნენ და მერე გავიგეთ, რომ მომხდარა ინციდენტი. პატარა ბავშვი მჯდარა “რულზე” და მაგის გამო დაწყებულა. რატომ გიზისო, რისთვის გიზისო, მამამისი მთვრალი ყოფილა და ამის გულისთვის მომხდარა…”

ამავე თემაზე: რა მოხდა ხელთუბანში? – პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

დატოვეთ კომენტარი