გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში პოლიციელებზე თავდასხმისთვის დაკავებულ 5 პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
დაკავებულების ადვოკატი მამუკა მიროტაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არცერთი პირი არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, განსაკუთრებით 3 მათგანი, რომლებიც გაშველებაში იღებდნენ მონაწილეობას, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმას, რასაც ედავება გამოძიება. დანარჩენთან დაკავშირებით, ჯერ ვერ გაგცემთ პასუხს, საქმე ახლახანს გადმომეცა და ვეცნობი მასალებს“, – განაცხადა მიროტაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 5 პირია დაკავებული. სოფელში ჰყვებიან:
“ერთი ოჯახის წევრები არიან დაკავებულები. ოჯახის წევრის გარდაცვალების დღე იყო და სანათესაო იყო შეკრებილი”.
“სროლა იყო და სროლის მერე მთელი სოფელი გამოვიდა. მივარდნენ-მოვარდნენ და მერე გავიგეთ, რომ მომხდარა ინციდენტი. პატარა ბავშვი მჯდარა “რულზე” და მაგის გამო დაწყებულა. რატომ გიზისო, რისთვის გიზისო, მამამისი მთვრალი ყოფილა და ამის გულისთვის მომხდარა…”
დაკავებულებს შორის ერთ-ერთი 16 წლის მოზარდია.
შსს-ს განცხადებით, 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, ავტომანქანით გადაადგილდებოდა არასრულწლოვანი, რომელსაც არ ჰქონდა მართვის უფლება. პოლიცილებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და განუმარტეს სამართალდარღვევის შინაარსი. არასრულწლოვანმა და მასთან ერთად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
“ერთ-ერთი მათგანის დაკავებისას ადგილზე დამატებით მისული პოლიციელებიდან ერთს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ცული მოუქნია, რის შედეგადაც პოლიციელი დაიჭრა. ასევე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დანით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა ორ პოლიციელს. ბრალდებულების დაკავებისას, ხელის შეშლის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიზე მყოფმა სამმა პირმა ჯუფური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს“, – აცხადებს შსს.
დაკავებულთაგან სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ ბრალდებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მე-2 პრიმა ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 19-353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.