ხაშურის მერია მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზებისთვის ამჯერადაც 25 წლის ინდ. მეწარმე ანა ტაბატაძესთან ითანამშრომლებს. თბილისში რეგისტრირებული ინდ. მეწარმე ხაშურის ბიუჯეტიდან ახლა 49 549 ლარს მიიღებს.
49 549 ლარად, ინდ. მეწარმე ანა ტაბატაძემ ორი კონცერტი უნდა დააორგანიზოს – 25 ივლისს სურამში და 12 აგვისტოს ხაშურში.
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ტაბატაძის ორგანიზებულ კონცერტებზე შემდეგი მუსიკალური შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას:
სურამში:
- ადგილობრვი ბენდი ბენდი Spam Jam, რომელმაც 70 წუთში 12 სიმღერა უნდა შეასრულოს;
- მუსიკალური ტრიო, რომელმაც 60 წუთში 10 სიმღერა უნდა იმღეროს;
- როკ ბენდი THE CORE გიტარა, რომელმაც 40 წუთი – 8 სიმღერა;
ხაშურში:
- დიჯეი ვახო ლოლაძე, რომელმაც 90-წუთიანი მუსიკალური პროგრამა უნდა წარმოადგინოს;
- გიორგი კელაპტრიშვილი, რომელმაც 6 სიმღერა უნდა იმღეროს;
- ცირა კობიაშვილი, რომელმაც ასევე 6 სიმღერა იმღეროს;
- სალომე ყორღანაშვილი, რომელიც ასევე 6 სიმღერას შეასრულებს.
ხაშურის მერიამ ზაფხულში კონცერტების ჩატარებისთვის ტენდერი 26 ივნისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა კი მხოლოდ ინდ.მეწარმე ანა ტაბატაძემ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელში, ხაშურის მერიის მიერ დაფინანსებული ყველა მუსიკალური ღონისძიება სწორედ ტაბატაძის ორგანიზებული იყო. 16.05.2024 – 19.05.2025 პერიოდში, ხაშურის მერიამ მასთან ოთხჯერ ითანამშრომლა:
- 25 511.60 ლარი მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიების ორგანიზებისთვის;
- 77 856.40 ლარი გადაუხადეს ხაშურქალაქობის ორგანიზებისთვის;
- 23 535.10 ლარი ჩაურიცხეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის;
- 30 727.20 ლარი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიების ორგანიზებისთვის.
16.05.2024 – 19.05.2025 პერიოდში, ხაშურის მერიის ინიციატივით გამართული მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზებისთვის ანა ტაბატაძეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 157 629 ლარი ჩაურიცხეს.