გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლაში არასრულწლოვანს “კასტეტი” უპოვეს, რის გამოც ბავშვის მშობელს უჩივლეს – მშობლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობის მოტივით.
საქმე მოსამართლე ტარი ჩანტლაძემ განიხილა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მშობელმა აღიარა გადაცდომა და თქვა რომ, “შვილთან შემთხვევით აღმოჩნდა ე.წ. კასტეტი“.
„ნ.ს.-მ აღიარა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა. განმარტა, რომ მისმა შვილთან შემთხვევით აღმოჩნდა ე.წ. კასტეტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ნ.ს.-ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, წარსულში მისი მხრიდან რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, ხასიათდება დადებითად; პოლიციის წარმომადგენელიც შუამდგომლობს მისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებას; ამასთან, მის ქმედებას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი“, – აღნიშნულია საქმის მასალებში.
მოსამართლემ პოლიციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მშობელი სიტყვიერი შენიშვნის სანაცვლოდ გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.