მკვლელობები, სისხლიანი ანგარიშსწორებები, ქურდული გარჩევები – ბოლო პერიოდში მსგავსი დანაშაულების არაერთი ფაქტი გასაჯაროვდა. გამოხმაურებებში კი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კრიმინოგენური ვითარება გაუარესებულია, რის გამოც თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვერ გრძნობენ.
გახმაურებულ შემთხვევებში ფიგურირებდნენ არასრულწლოვნებიც. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა ერთმანეთს დაზიანებები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით მიაყენეს. მხოლოდ აპრილი – ივლისი თვეებში:
ორჯერ იყო სროლა გორის სხვადასხვა უბანში. აქედან ერთი – მამა-შვილის სიკვდილით, მეორე კი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრით დასრულდა:
- მსხვერპლით დასრულდა ფიზიკური დაპირისპირება მეჯვრისხევსა და ოსიაურში.
- გახმაურდა დაპირისპირების არაერთი შემთხვევა, რა დროსაც ადამიანები დაშავდნენ.
- გავრცელდა ინფორმაცია ორი ქალის მოკვლის შესახებ
- გახმაურდა არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტიც.
სროლა იყო წმინდაწყლის დასახლებაში
გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
საჯვარეში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯვარეში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. “მოზაიკას” ინფორმაციით, მხარეებს შორის შელაპარაკება ძველი კონფლიქტის გამო მოხდა. ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
არასრულწლოვნები ჯგუფურად ცემეს
გამოძიების ვერსიით, გორში, წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლევი არასრულწლოვანის ინიციატივით არასრულწლოვან ძმებთან შეხვედრა შედგა. მან სხვა არასრულწლოვანებთან ერთად დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა ჭალის უბანში, სტადიონზე მოხდა. "გულში დაარტყეს დანა, სასწრაფომ წაიყვანა",- ამბობდნენ ადგილობრივები.
მკვლელობა სოფელ მეჯვრისხევში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მამაკაცმა თანასოფლელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 1978 წელს დაბადებულმა მამაკაცმა სანადირო თოფიდან ესროლა ამავე სოფლის მკვიდრს. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.
მკვლელობა სოფელ ოსიაურში
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მამაკაცი მოკლეს. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ბიჭი დააკავა, რომელიც გარდაცვლილის სიძეა.
კაცმა ცოლი დაჭრა
გორში, კვერნაქის დასახლებაში კაცმა ცოლი დაჭრა. ოჯახი კვერნაქის დასახლებაში, სისხლის გადასხმის სადგურის ყოფილ შენობაში ცხოვრობდა.
ხაშურის რესტორანში მამაკაცი დაჭრეს
დაპირისპირება იყო ხაშურის ერთ-ერთ რესტორანშიც. "მოზაიკას" ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი პირი ჩანგლით დაჭრეს, რის შემდეგაც მისი გადაყვანა კლინიკაში გახდა საჭირო. მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.
მკვლელობა სოფელ ტირზნისში
მკვლელობა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში. მკვლელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან ცივი იარაღით ცოლი მოკლა.
სროლა იყო სადგურის დასახლებაში
"მოზაიკას" ინფორმაციით, სისხლიან დაპირისპირებას, წინ უძღოდა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირების მიერ ბიზნესის რეკეტის მცდელობა. კერძოდ, ბიზნესმენს, რომელსაც გორში სასურსათო მაღაზიების ქსელი აქვს, ფულს სთხოვდა რამდენიმე პირი. მაღაზიების მფლობელი კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმის, რომ ფული მიეცა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირებისთვის. აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 4 პირი დააკავა, მათ შორის ბიზნესმენიც, რომელმაც მასთან მისულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, შედეგად დაიჭრა ერთი მათთგანი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.