ოფიციალურად, “ახალბაღი” რეაბილიტაციის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგაც არ გახსნილა, თუმცა მოსახლეობა სივრცით აქტიურად სარგებლობს – ქალაქის ცენტრალურ პარკში ხშირად შეხვდებით მშობლებს, რომლებიც იქ შვილებთან ერთად სეირნობენ. სწორედ მშობლებისგან ისმის ხშირად კითხვა, თუ როდის ჩაირთვება პარკში 5 წლის წინ დამონტაჟებული აქტრაციონები.
საუბარია რამდენიმე ატრაქციონზე, რომელიც “ახალბაღში” 2020 წლის ნოემბერში დადგეს. მათ შორის არის კარუსელი, მფრინავი სკამები, გემი და ელექტრო მატარებელი. ატრაქციონების დადგმისთვის გორის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა გასართობი სივრცით ბავშვებს ამ დრომდე არ უსარგებლიათ – ატრაქციონების დადგმიდან რამდენიმე თვეში, რეაბილიტაციის მიზნით, “ახალბაღი” დაკეტეს. მოგვაინებით კი ცნობილი გახდა, რომ ატრაქციონები დაზიანდა და მათი ჩართვა უსაფრთხო არ იყო.
“ამდენი ხანი უფუნქციოდ იყო ეს ატრაქციონები, ამიტომაც ალბათ აღარ ვარგა და შეკეთებაც ამიტომ გახდა საჭირო. ჩემი შვილები უკვე დაიზარდნენ ამ ატრაქციონების ლოდინში”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ატრაქციონების ჩართვის მოთხოვნით ხშირად იწერება კომენტარები სოციალურ ქსელებშიც. იყო მოლოდინი, რომ მოსახლეობის მოთხოვნა პარკის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაკმაყოფილებოდა, თუმცა გორის მერიაში ამ დრომდე არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუ როდის ჩართავენ ატრაქციონებს. ამბობენ, რომ ამჟამად ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
“ატრაქციონებს რაც შეეხება, ვადის ფარგლებში ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებას”, – განმარტეს მერიაში.
უწყებამ ატრაქციონების შესაკეთებლად კომპანია შპს “შპს სერვისი 2015” მიმდინარე წელს დაიქირავა. კომპანიას ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები ივნისის ბოლოს უნდა დაესრულებინა. ახლა ივლისის დასაწყისია და კვლავ უცნობია, როდის შეძლებენ ბავშვები ამ გასართობი სივრცეებით სარგებლობას.