მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში ოქროს მოპოვების ლიცენზია ელექტრონული აუქციონის საშუალებით გაყიდა. კონკრეტულად კი, ლიცენზია ეხება მდინარე ძამის მადნიან ველზე, ასევე ღართას უბანზე ოქროს და პოლიმეტალური საბადოს შესწავლა-მოპოვებას.
აღნიშნული ლიცენზია სააქციო საზოგადოება “გოლდსეპტ საქართველომ” მინერალური რესურსების სააგენტოსგან 1 540 000 ლარად იყიდა.
ელექტრონული აუქციონი, რომლითაც კომპანიამ ლიცენზია იყიდა 2021 წელს შედგა, თუმცა როგორც მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ანგარიშიდან ირკვევა, “გოლდსეპტ საქართველოს” ლიცენზია 2024 წლის 12 აგვისტოდან შევიდა ძალაში. აღნიშნული ლიცენზია 30 წლიანია და მას ვადა 2051 წლის აგვისტოში ეწურება.
მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზია რამდენიმე პირობის სანაცვლოდ გაყიდა, კერძოდ, უწყების ინფორმაციით, ლიცენზიის მფლობელი კომპანია ვალდებულია ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 3 წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და კანონის შესაბამისად, შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა.
გარდა ამისა, სააგენტოს მოთხოვნებს შორის არის შემდეგი:
- ლიცენზიის ძალაში შესვლიდან პირველი 3 წლის განმავლობაში, გეოლოგიური შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოს ჩატარების მიზნით, კომპანიამ განახორციელოს 4 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია;
- ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მარაგების დამტკიცებიდან მომდევნო 4 წლის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია;
- ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 7 (შვიდი) წლის ვადაში სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში ჯამში განახორციელოს არანაკლებ 14 500 000 (თოთხმეტი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია.
რა ვიცით კომპანია “გოლდსეპტ საქართველოზე”?
სააქციო საზოგადოებას “გოლდსეპტ საქართველო” მართავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც არიან ისრაელის და რუსეთის მოქალაქეები.
კომპანიის გენერალური დირექტორის ზურაბ ქუთელიას ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი “ქართული ოცნების” შემომწირველია. ქუთელია ფლობს “სამთო-გეოლოგიური კომპანიას”, რომლის 50%-ს მფლობელი ჯონდო შუბითიძეა. მან “ქართულ ოცნებას” 2020-2023 წლებში ჯამში 180 000 ლარი გადაურიცხა.
სალიცენზიო ფართობი შეადგენს 30 980 563 კვადრატულ მეტრს, რაც 30 კვადრატულ კილომეტრზე მეტია. შედარებისთვის, გორის ფართობი 16,85 კვადრატული კილომეტრია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს მდინარე ძამასთან, სიგრძით 42 კმ; მდინარე ნაძვისწყალთან – სიგრძით 19 კმ; მდინარე სვანისწყალთან, სიგრძით 4 კმ; მდინარე სათერძესთან, სიგრძით 7 კმ; მდინარე ქერზენთნ, სიგრძით 8 კმ. და მდინარე ტყემლოვანისწყალთან, სიგრძით 18 კმ ნაკვეთზე.
გარდა ამისა, სამინისტრო წერს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობი არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ხოლო მიწის ფართობების გარკვეული ნაწილი წარმოადგენს კერძო პირთა საკუთრებას და გამოყენებულია სათიბ-საძოვრებად, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორია არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.