სტატიები

მინერალური რესურსების ლიცენზიები „ოცნების“ დაფინანსების სანაცვლოდ? – ფაქტები შიდა ქართლიდან

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მიწისა და ნედლეულის მოპოვების ლიცენზიებს ხშირად იმ კომპანიებს აძლევს, რომელთა მფლობელები ან დირექტორები პარტიაქართული ოცნებისმსხვილი შემომწირველები არიან.

მოზაიკასმიერ მოპოვებული ფაქტებიდან მტკიცდება, რომ ლიცენზიების მიღებიდან მალევეკომპანიების მფლობელები ან დირექტორები ათეულობით ათას ლარს რიცხავენქართული ოცნებისანგარიშზე. აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ ლიცენზიები პოლიტიკური ერთგულების სანაცვლოდ გაიცემა.

ფაქტი N1: “ქართული ოცნების” შემწირველებს წინარეხში კირქვის მოპოვების ლიცენზია მისცეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ კირქვის მოპოვების ლიცენზია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველების კომპანიას მისცა.

კირქვა ცემენტის წარმოებისთვის გამოიყენება. ლიცენზია სააგენტომ მიმდინარე წლის დასაწყისში შპს “ცეკურს” მისცა. აღნიშნულ კომპანიას ამ ლიცენზიით 2035 წლის იანვრამდე შეუძლია ისარგებლოს.

შპს “ცეკურმა” “ქართულ ოცნებას” 40 000 ლარი 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გადაურიცხა. პარტიის შემომწირველები არიან უშუალოდ კომპანიის მეწილეებიც. “ცეკურის” დირექტორი და 37%-იანი წილის მფლობელი ბექა ხაბულიანია. მან “ოცნებას”  თანხა 4-ჯერ გადაურიცხა – ჯამში 238 000 ლარის ოდენობით.

კომპანიის 63%-ს სერგო ხაბულიანი ფლობს. მას პარტიისთვის ჯამში 220 000 ლარი აქვს შეწირული.

ფაქტი N2: მტკვარზე ქვიშის და ხრეშის მოპოვების ლიცენზია “ქართული ოცნების” შემწირველმა კომპანიამ მიიღო

კიდევ ერთი ლიცენზია, რომელიც “ქართული ოცნების” შემომწირველ კომპანიას ეკუთვნის, მინერალური რესურსების სააგენტომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროს მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე ქვიშის და ხრეშის მოპოვებაზე გასცა.

შპს “კანიონი” ლიცენზიას 2021 წლიდან ფლობს. აღნიშნული კომპანიის დირექტორი დავით ჩაგელიშვილია, რომელმაც პარტიას თანხა 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გადაურიცხა. ჩაგელიშვილმა “ოცნებას” 30 000 ლარი გადაურიცხა. ამ კომპანიის ლიცენზიას ვადა 2026 წელს ეწურება.

შპს “კანიონი” შპს “ჩაგელას” საკუთრებაა. თავის მხრივ “ჩაგელას” მფლობელად კი, სავარაუდოდ, დავით ჩაგელიშვილის ოჯახის წევრი – ლევან ჩაგელიშვილია დაფიქსირებული, რომელიც ასევე პარტიის შემწირველია. მან “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ 20 000 ლარი გადაურიცხა.

ფაქტი N3: კავთისხევის მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიას “ქართული ოცნების” შემწირველი კომპანია ფლობს

2027 წლამდე ლიცენზია აქვს შპს “ევროცემენტსაც”, რომლის მფლობელიც “ოცნების” და “ხალხის ძალის” დამფინანსებელია. “ევროცემენტმა” ლიცენზია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის მიიღო.

“ევროცემენტის” დირექტორი და 100% წილის მფლობელი ბიზნესმენი ზაზა ბაღდავაძეა. მან 2024 წლის ივლისში ჯერ “ქართულ ოცნებას” გადაურიცხა 40 000 ლარი, შემდეგ კი, იმავე თვეში “ხალხის ძალის” ანგარიშზე გადარიცხა 13 000 ლარი.

ფაქტი N4: “ქართული ოცნების” შემწირველს შიდა ქართლში ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამი ლიცენზია აქვს

შპს “ჯორჯიან ბილდინგ გროუფი” კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანგილარის მიმდებარედ, მდინარე ქსანზე, ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიას ფლობს 2026 წლის ბოლომდე. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი მეწილე სხვების მსგავსაც “ქართული ოცნების” შემომწირველია.

“ჯორჯიან ბილდინგ გროუფის” 60% ეკუთვნის ბიზნესმენ ლევან კაჭარავას კომპანიას “გლობალ ინვესტი 2022″. კაჭარავა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველი იყო. მან წინასაარჩევნო პერიოდში პარტიას 120 000 ლარი გადაურიცხა. 2012 წლის შემდეგ, ის “ქართული ოცნების” დამფინანსებელი გახდა. მან 2017 წელს პარტიას 60 000 ლარი გადაურიცხა.

“ჯორჯიან ბილდინ გროუფი” ასევე ფლობს ორ ლიცენზიას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარსა და ახალსოფელში ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად.

ფაქტი N5: მეტეხის მიმდებარედ სააგურე თიხის მოპოვების ლიცენზია “ქართული ოცნების” შემწირველს მისცეს

შპს “კერამიკა ელ ტორენტე +” კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მიმდებარედ სააგურე თიხის მოპოვების ლიცენზიას 2036 წლამდე ფლობს. ამ ლიცენზიით, აღნიშნული კომპანიის განკარგულებაში  94 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობია იმისთვის, რომ თიხის მოპოვება შეძლოს.

შპს კერამიკა ელ ტორენტე +-ის 24.5%-ს მფლობელი ვასილი ბაბლუანია. მან 2018 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში სალომე ზურაბიშვილს გადაურიცხა 10 000 ლარი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს უჭერდა მხარს.

კომპანიის 25%-ს მესაკუთრე ბიზნესმენი ბიძინა სონღულაშვილია. მან სხვადასხვა დროს, “ქართულ ოცნებას” ჯამში 110 000 ლარი გადაურიცხა.

ფაქტი N6: ქვახვრელის მიმდებარედ ქვიშის მოპოვების ლიცენზიაც “ქართული ოცნების” შემწირველზეა გაცემული

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ ქვიშის მოპოვების ლიცენზია გაცემულია კომპანიაზე “მშენებელი 80”. აღნიშნული კომპანია ლიცენზიას მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით ფლობს. “მშენებელი 80”-ის დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი ვალერი ბუცხრიკიძეა. მან “ქართულ ოცნებას” პირველად თანხა მას შემდეგ გადაურიცხა, რაც 2020 წლის ივლისში აღნიშნული ლიცენზია მიიღო. ბუცხრიკიძემ ოცნებას მაშინ 60 000 ლარი გადაურიცხა. ბიზნესმენმა პარტიას თანხა 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც შესწირა  – 60 000 ლარის ოდენობით.

კომპანიის დანარჩენ 50%-ს ვასილ სანაძე ფლობს, რომელიც ასევე “ოცნების” დამფინანსებელია. მან ბუცხრიკიძის მსგავსად, 2020 წელს პარტიას 60 000 ლარი გადაურიცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვასილ სანაძე 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” აფინანსებდა.

ფაქტი N7: “ქართული ოცნების” შემწირველს აქვს ლიახვის გარშემო ქვიშის და ხრეშის მოპოვების ლიცენზია

გორში, კარალეთის მიმდებარედ, მდინარე ლიახვის გარშემო ქვიშის და ხრეშის მოპოვების ლიცენზიას ფლობს კომპანია “პლაზა”, რომლის მფლობელიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი ჯალაბაძეა. მას პარტიისთვის წარსულში 25 000 ლარი აქვს გადარიცხულია.

ლიცენზიის მფლობელი იყო ჯალაბაძის კიდევ ერთი კომპანია – “აგრო მოლი”, რომელსაც ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის მიმდებარედ ქვიშის და ხრეშის მოპოვების უფლება ჰქონდა მიმდინარე წლის 5 მარტის ჩათვლით.

ფაქტი N8: ვარიანთან ქვიშის და ხრეშის მოპოვების ლიცენზიასაც “ქართული ოცნების” შემწირველი ფლობს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარიანთან, მდინარე დიდი ლიახვის მიმდებარედ ქვიშის და ხრეშის მოპოვების ლიცენზიას ფლობს შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”. სხვების მსგავსად, აღნიშნული კომპანიაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია. “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1” იმარჯვებს არაერთ მაღალბიუჯეტიდან ტენდერშიც.

კომპანიის მფლობელებს ნუკრი და ნუგზარ აბალაკებს “ქართული ოცნებისთვის” ჯამში 145 000 ლარი აქვთ გადარიცხული. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია არის 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” დამფინანსებელთა შორის. 2012 წელს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-მა “ნაციონალურ მოძრაობას” წინასაარჩევნოდ 200 000 ლარი შესწირა.

ფაქტი N9: ქარელის მუნიციპალიტეტში ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია “ქართული ოცნების” შემწირველს მისცეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარ მტკვრის ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიას შპს “არალი” ფლობს. კომპანია და მისი ერთ-ერთი მფლობელი “ოცნების” შემომწირველია.

შპს “არალმა” 40 000 ლარი “ოცნებას” 2017 წელს გადაურიცხა. კომპანიის დირექტორმა და 25%-ს მფლობელმა დემეტრე თათეშვილმა პარტია 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დააფინანსა. მან “ოცნებას” 7 ოქტომბერს 50 000 ლარი გადაურიცხა. პარტია თათეშვილმა 2021 წლის საარჩევნოდაც დააფინანსა. 2 აგვისტოს მან “ოცნებას” 50 000 ლარი მას შემდეგ გადაურიცხა, რაც მინერალური რესურსების სააგენტომ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია მისცა.

“არალის” ლიცენზია აქტიური  2021 წლის 14 ივნისიდან – 2026 წლის ივნისამდეა. 

ფაქტი N10: ხაშურის მუნიციპალიტეტში მოსაპირკეთებელი ქვის მოპოვების ლიცენზიაც “ქართული ოცნების” შემწირველს მისცეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ალის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მოსაპირკეთებელი ქვის ე.წ გაბროს მოპოვების ლიცენზიის მფლობელი კომპანია “ერთაწმინდაა”.

აღნიშნული კომპანიის დირექტორი და 100%-ს მფლობელი ალექსანდრე ჯაფარიძეა, რომელიც სხვების მსგავსაც, “ქართული ოცნების” შემომწირველია. მან მიმდინარე წლის 11 მარტს პარტიას 60 000 ლარი გადაურიცხა. “ერთაწმინდას” ლიცენზიას ვადა 2028 წლის ივნისამდე აქვს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები