სტატიები

როდის აღდგება გორში, ვერხვების დასახლებაში 24-საათიანი წყალმომარაგება?

გორის ვერხვების დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემა წლებია მოუგვარებელია. ასობით ოჯახს წყალი დღემდე გრაფიკით მიეწოდება – ხშირად წყალი დაბინძურებულია და ქვიშა მოყვება, რის გამოც მოსახლეობა იძულებულია წყალი შეიძინოს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ონკანის წყლით მოწამვლის ფაქტებიც დაფიქსირდა. ნაწილმა სოციალური ქსელებითაც გაავრცელა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ონკანიდან მომდინარე წყალი მღვრიე და ყავისფერია.

წყალი გრაფიკით მოგვეწოდება, ხან საერთოდ არ მოდის. მაღალ სართულებზე წნევა საერთოდ ვერ აღწევს. ხშირად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, წყალი საათობით და ზოგჯერ დღეები არ გვაქვს. ამ ახალ წელს უწყლოდ შევხვდით, მერე ყინვები დაემატა და ლამის ერთი კვირა ავზით მოჰქონდათ და იქიდან ვავსებდით”, – აცხადებენ ადგილობრივები.

პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მოქალაქეებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

პრობლემა, როგორც გაირკვა, 2020 წელს დაიწყო, როდესაც მდინარე ლიახვის ადიდების შედეგად დაზიანდა ცენტრალური მილი, რომლითაც ვერხვების დასახლება ვარიანის სათავე ნაგებობიდან იღებდა წყალს. მას შემდეგ, დაახლოებით 1 500-მდე აბონენტი კარალეთის სათავე ნაგებობაზე გადავიდა, საიდანაც წყალს ტუმბოს სისტემით იღებენ.

როდესაც მილი დაზიანდა და მდინარემ გააფუჭა, ვერხვების დასახლება კარალეთის სათავე ნაგებობაზე დავაერთეთ. ჩავდგით ტუმბო და ამ დრომდე ამ ტუმბოთი მიეწოდება ვერხვებს. ხან იქ რომ სინათლე ითიშება, ჩერდება ტუმბო და წყალი ვეღარ მიეწოდება – ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო”, – ამბობს წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი კოტე თავზარაშვილი.

როგორც თავზარაშვილი აცხადებს, ტენდერში წლების განმავლობაში არავინ იღებდა მონაწილეობას, თუმცა ამჟამად შერჩეულია კომპანია, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს.

სამი-ოთხი წელია ტენდერი ცხადდებოდა და არავინ არ შედიოდა, ამიტომ გაჯანჯლდა. ახლა კი ერთ-ერთმა კომპანიამ, “ინვესტგრუპმა” მოიგო. ველოდებით მდინარე ლიახვზე წყლის დონის დაწევას, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს სამუშაოებს დავიწყებთ და ოქტომბერში დასრულდება. იგეგმება ძველი მილის აღდგენა მდინარე ლიახვში – ფსკერზე, 7 მეტრის სიღრმეზე. ეს იმისთვის, რომ მილი აღარ დაზიანდეს. სავარაუდოდ, სამუშაოები აგვისტოში დაიწყება და ოქტომბერში ვერხვების დასახლებას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება“, – აღნიშნა თავზარაშვილმა.

აღნიშნული სამუშაოები გაერთიანებული ტენდერის ფარგლებში განხორციელდება. პროექტით ასევე იგეგმება ვარიანის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაც. როგორც თავზარაშვილმა აღნიშნა, სამუშაოების შედეგად, 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონდეს კასპს და ქარელსაც. პროექტი კი 2026 წელს უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი