სტიქიურ ნაგავსაყრელებს დღემდე ვხვდებით გორის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობა პრობლემის ამსახველ ფოტოებს პერიოდულად ავრცელებს და ამის მიზეზად ურნების არასაკმარის რაოდენობას, ნარჩენების გატანის არაეფექტურ გრაფიკს და მოქალაქეთა დაბალ თვითშეგნებას ასახელებს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობა ა(ა)იპ გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ეკისრება. როგორც დირექტორი ამბობს, სააგენტო პრობლემის მოსაგვარებლად მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში მუშაობს.
“როდესაც რომელიმე სოფელში წარმოიქმნება ეს პრობლემა, მერის წარმომადგენელო მოგვმართავს წერილობით და ჩვენ ვახდენთ რეაგირებას. არაერთი სტიქიური ნაგავსაყრელი დავხურეთ”, – უთხრა “მოზაიკა” გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
გიორგი ბარჯაძის თქმით, ნარჩენების მართვისთვის ეტაპობრივად ამატებენ ურნებსაც. როგორც სააგენტოს დირექტორი ამბობს, საჭიროებიდან გამომდინარე, ბოლოს 350 ცალი 1 100-ლიტრიანი კონტეინერი შიეძინეს.
“ლამის ყოველდღე იწვება ურნები. ხან ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და ზიანდება, ამიტომ გვიწევს ამოცვლა. ასევე პერიოდულად ვამატებთ ურნებს იმ დასახლებებში, სადაც ამის საჭიროებაა“, – უთხრა “მოზაიკას” გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ბარჯაძემ.
სააგენტოს დირექტორის მიერ ჩამოთვლილი ღონისძიებების მიუხედავად, მუნიციპალიტეტში სტიქიური ნაგავსაყრელები და ნარჩენების ეფექტური მართვა კვლავ გამოწვევად რჩება.
სტიქიური ნაგავსაყრელი ახალდაბაში
ახალდაბაში სტიქიური ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილი, სადაც ნარჩენები ყრია, სოფლის ცენტრთან ახლოსაა.
“ნაგავსაყრელი მდებარეობს მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის ეკოლოგიურ საფრთხეებს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე მიაქვთ ცხოველური ნარჩენები ფერმებიდან და საკალმახეებიდან“, – ამბობს გელა შარვაშიძე, “ლელოს” წარმომადგენელი.
სტიქიური ნაგავსაყრელი “ნაჭარმაგევთან”
“ერთი წლის წინ გადავიღე ამ ადგილას ვიდეო, ამის მერე დროებით მოაწესრიგეს, თუმცა დღეს იგივე სიტუაციაა. ეს ადგილი არის რესტორან “ნაჭარმაგევთან” ახლოს. სავარაუდოდ, აქ დაყრილი ნარჩენის უმეტესობა სწორედ ამ რესტორნიდანაა”, – ამბობს შმაგი ხუბულური, “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი.
აღნიშნული ნაგავსაყრელი საავტომობილო გზასთან ახლოსაა, როგორ ხუბულური ამბობს, ნარჩენები გზის ნაპირს მოაშორეს, თუმცა პრობლემა არ მოუგვარებიათ.
“ოდნავ სიღრმეში შეიტანეს და ხეები დააფარეს ზემოდან, თუმცა ვითარება კვლავ საშინელია”.
| ნარჩენების ეფექტური მართვა 5-წლიან გეგმას უნდა უზრუნველეყო
სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა ნარჩენების მართვის 5-წლიან გეგმას უნდა მოეგვარებინა, რომელიც საკრებულომ 2022 წლის აპრილში დაამტკიცა.
“მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიზანია მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სექტორში არსებული პრობლემების გადაჭრა, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა, ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა, ნარჩენების მართვის ხარჯების სრული ამოღება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობა და დანერგვა ადგილობრივ დონეზე, საჯარო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერება ადგილობრივ დონეზე ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანი განხორციელების მიზნით“, – ვკითხულობთ დადგენილებაში.
აღნიშნული გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტში უნდა დანერგილიყო ნარჩენების სეპარირების პრაქტიკაც.
“გორის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის მიზნია მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვისა და განხორციელების უზრუნვლყოფა, მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით.”
გორის მერიაში ამბობენ, რომ ისინი აღნიშნულ გეგმას ეტაპობრივად ახორციელებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რა ეტაპზეა გეგმის შესრულება.
“ნარჩენების გეგმა 28 წლამდეა მოქმედი. ხორციელდება გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – განაცხადეს გორის მერიაში.
5-წლიანი გეგმის შესასრულებლად, გორის მერიას 2 წელი დარჩა. გეგმის დამტკიცებიდან 3 წლის თავზე კი, კვლავ გამოწვევად რჩება სტიქიური ნაგავსაყრელები, მოქალაქეთა ცნობიერების დაბალი დონე და ურნების არაკმარისი ოდენობა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში არც ნარჩენების სეპარირების პრაქტიკა დანერგილა.