გორში, შინდისის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან იყიდა კომპანიამ “ქართული ხორბალი”, რომლის მეწილეებიც “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან.
კომპანიამ “ქართული ხორბალი” სახელმწიფოსგან 1 476 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ელექტრონული აუქციონის საშუალებით იყიდა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთში კომპანიამ 70 000 ლარი გადაიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვადრატული მეტრი მიწის ფასი 47.4 ლარს შეადგენს.
შპს “ქართული ხორბალს” 6 სხვადასხვა მეწილე ჰყავს. კომპანიის დირექტორი და 21%-იანი წილის მფლობელი რობერტი მაშაევია. 21%-იან წილს ფლობს აბილახ მურადოვი, რომელიც “ქართული ოცნების” ოფიციალური დამფინანსებელია. მან 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პარტიას 30 000 ლარი გადაურიცხა.
“ქართული ხორბლის” 21%-ს ფლობს თეიმურაზ შუკაკიძეც, რომელიც ასევე “ქართული ოცნების” შემომწირველია. მან პარტიას 30 000 ლარი 2024 წლის 18 ოქტომბერს გადაურიცხა. კიდევ ერთი გადარიცხვა 2021 წელს ფიქსირდება. შუკაკიძემ ამ დროს პარტიას 15 000 ლარი შესწირა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგივე პიროვნებამ 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა თანხა ორჯერ, ჯამში 14 000 ლარის ოდენობით.
კომპანიის დანარჩენ მეწილეებს შორის არიან – ინგა ხითარიშვილი (10%), ბაჩო წაველიძე (17%) და შორენა ბაჯიაშვილი (10%).
კომპანია “ქართული ხორბალი” მონაწილეობას იღებს ტენდერებშიც. მას მოგებული აქვს ქურთის და ერედვის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერები, რომლის საერთო ღირებულებაც 198 271 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტებმა აღნიშნული კომპანიისგან დევნილი მოსახლეობისთვის ფქვილი შეისყიდეს.