შიდა ქართლში “ქართული ოცნების” პოლიტიკას დღეს ის ადამიანები ატარებენ, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებზე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დასაქმდნენ. მერები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, სასამართლოს თავმჯდომარე – ამ თანამდებობებზე გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდეც გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” რეპრესიულ კანონების ერთ-ერთი მხარდამჭერი გიორგი სოსიაშვილიც წლების წინ რეგიონში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ პოლიტიკას ატარებდა.
გიორგი სოსიაშვილი, 2012 წლამდე არაერთ თანამდებობას იკავებდა. 2006-2010 წლებში ის იყო გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. ის აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არაერთხელ ამხილა ოპოზიციამ იმაში, რომ საკუთარ თანამდებობას “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ იყენებდა, – კერძოდ, პარტიულ შეხვედრებზე სკოლების დირექტორები და პედაგოგების იძულებით ჩართვაში.
2011 წელს ის გახდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის. სოსიაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე 2023 წლამდე იმუშავა, რის შემდეგაც ის ჯერ გორის საკრებულოს დეპუტატი გახდა, შემდეგ კი – პარლამენტი წევრი. სოსიაშვილმა “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ ყველა კანონპროექტს დაუჭირა მხარი.
| მერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ 2012 წლამდეც
გორის, კასპის და ხაშურის მერები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდშიც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ, თუმცა სამივე მათგანი ახლა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებებს იწონებს და წინა ხელისუფლების საქმიანობაზე საუბარს გაურბის.
“მაშინაც და ახლაც ვაკეთებდი სახელმწიფო საქმეს და ღმერთმა შემაძლებინოს, სადამდეც შემეძლება, გავაკეთებ ჩემს საქმეს. რაც არ არის ქართული საზოგადოებისთვის მისაღები, ყველაფერს და ყოველთვის ვაპროტესტებდი“, – გვითხრა სიმონ გულედანმა, გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
გულედანი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე პირველად სწორედ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დაინიშნა. ბიოგრაფიის მიხედვით, მისი პირველი სამსახური თეთრიწყაროს რაიონის ლტოლვილთა და განსახლების სამსახურის უფროსის თანამდებობა იყო, რომელსაც გულედანი 2004 – 2006 წლებში იკავებდა.
2006 წლის შემდეგ, გულედანი რამდენიმე თვე საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის თეთრიწყაროს განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, რის შემდეგაც, ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან 2007-2011 წლებში იმუშავა.
გულედანის მსგავსად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე საუბარი არც კასპის მერმა ისურვა, რომელიც 2012 წლამდე “ენმ”-ს პოლიტიკას ატარებდა რეგიონშიც და მუნიციპალიტეტშიც.
„თუ რაღაცა გაინტერესებთ, მოგვიანებით დამირეკეთ“, – გვითხრა ვახტანგ მაისურაძემ, თუმცა მოგვიანებით, მაისურაძემ “მოზაიკას” სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.
კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე 2006 წელს შიდა ქართლში სააკაშვილის რწმუნებულის ადმინისტრაციაში მუშაობდა საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. შემდეგ კი, 2006-2007 წლებში იყო კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
რაც შეეხება ხაშურის მერს, თენგიზ ჩიტიაშვილი 1994 წლიდან 2014 წლამდე საქართველოს პროკურატურაში პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
| საკრებულოს მაღალჩინოსნები, რომლებიც 2012 წლამდე რეგიონში “ენმ”-ს წარმოადგენდნენ
“ქართულმა ოცნებამ” წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდის გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შექმნა, თუმცა ამის პარალელურად, რეგიონში საკუთარი გავლენების შენარჩუნებისთვის სწორედ იმ ადამიანებს იყენებს, რომლებიც 2012 წლამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვაც 2012 წლამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ირიცხებოდა. მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ მურალოვა სხვადასხვა დროს მუშაობდა ძევერის საშუალო სკოლის პედაგოგად, გორის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსად და ა.შ.
მურალოვას ბიოგრაფიაში, რომელიც საკრებულოს ვებ-გვერდზეა განთავსებული, გამოტოვილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ძევერის თემის მაჟორიტარი კანდიდატი იყო.
2012 წლამდე, “ენმ”-ს წარმომადგენლები იყვნენ კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებიც.
თამაზ ტატანაშვილი 2006 წლის ჩათვლით მუშაობდა სახელწიფო უშიშროების სამინისტროში. კონკრეტულად რა თანამდებობა ეკავა სამინისტროში ტატანაშვილს, ეს მის ბიოგრაფიაში არ არის ასახული.
2007-2015 წლებში კი, შპს „ბლექსიგრუპი“-ს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იყო დასაქმებული. ამ პერიოდში აღნიშნული კომპანია “ნაციონალურ მოძრაობასთან” იყო აფილირებული.
მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბრისას ტატანაშვილმა “მოზაიკას” მიერ დასმული კითხვები მოისმინა, განაცხადა, რომ საუბარი არ შეეძლო და ტელეფონი გათიშა. მოგვიანებით, კვლავ ვცადეთ ტატანაშვილთან დაკავშირება, თუმცა მან “მოზაიკას” ზარებს აღარ უპასუხა.
აღსანიშნავია ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილიც, რომელიც ამჟამად არის ბრალდებული სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძეზე ძალადობაში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ის სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.1998-2006 წლებში ის იყო სოფელ ხოვლეს ტერიტორიული ერთეულის გამგებელი; 2006-2010 წლებში კი, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.
“უარყოფითი შეფასება მაქვს მაგათ [ნაციონალური მოძრაობის] მიმართ და მეტი არაფერი. რიგითი დეპუტატი ვიყავი მეტი არაფერი, მე ოპოზიციაში ვიყავი და დავამთავრე მაგაზე საუბარი“, – უთხრა “მოზაიკას” მჭედლიშვილმა.
“მოზაიკამ” 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, კანდიდატთა სია მოიპოვა. დოკუმენტიდან დგინდება, რომ მჭედლიშვილი არათუ “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციაში, არამედ სწორედ აღნიშნული პარტიის მიერ იყო წარდგენილი ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარად.
| მერიის სამსახურის უფროსები 2012 წლიდან
მერიებში სამსახურების უფროსებად რჩებიან ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურებში სწორედ წინა ხელისუფლების დროს დასაქმდნენ.
მაგალითად, ახლა კასპის მერის მოადგილეა ზურაბ კოპაძე, რომელიც 2005-2007 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბში, შემდეგ კი, 2008-2013 წლებში იყო კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კოპაძე დააწინაურეს და ის რიგითი სპეციალისტიდან გახდა იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. ეს თანამდებობა მას 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ეკავა. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ის მერის მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს.
“ანალოგიური ვითარებაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ადამიანებმა შეინარჩუნეს თანამდებობები გაჩუმებით და “ქართული ოცნების” დავალებების უსისტყვოდ შესრულებით”, – უთხრა “მოზაიკას” ქარელის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა.
მისი ცნობით, 2012 წლიდან დღემდე, ქარელის მერიაში მაღალ თანამდებობებზე დარჩნენ:
- ინგა ეკალაძე, რომელიც მაშინაც იურიდიული სამსახურის უფროსი იყო;
- ნელი ლომიტაშვილი, მაშინაც საფინანსო სამსახურის უფროსი იყო;
- გია ბერუაშვილი, რომელიც მაშინაც სპორტის ა(ა)იპის დირექტორი იყო;
- ალექსი ჯოჯიშვილი, რომელიც ფცის რწმუნებული იყო და მოგვიანებით, ეკონომიკური სამსახურის უფროსად დანიშნეს.
| გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ 2012 წელს ივანიშვილი დააჯარიმა
გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეობს კობა გოცირიძე, რომელიც სხვადასხვა თანამდებობებზე ჯერ კიდევ 1993 წლიდან მუშაობს. მისი პირველი სამსახური ქარელის რაიონის პროკურატურაში იყო – სტაჟიორი უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს, ის ჯერ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო, შემდეგ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. მან აღნიშნულ პოზიციაზე 2010 წლამდე იმუშავა. შემდეგ კი, ის მუშაობდა თბილისის, მცხეთის და ბათუმის სასამართლოებში. 2022 წლიდან ის არის გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
გოცირიძე რომ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის სამსახურში იყო, ამას ადასტურებს მის მიერ განხილული საქმეები. ნეტგაზეთი 2012 წელს წერდა, რომ გოცირიძემ კახი კალაძე საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის ხუთმაგი ოდენობით – 17 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. მანამდე კი, ბიძინა ივანიშვილს დააკისრა 126–მილიონიანი ჯარიმა.
„მოსამართლე გოცირიძე, როგორც წესი, იხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით ყველაზე რეზონანსულ საქმეებს და მათ თითქმის მუდმივად ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ წყვეტს”, – აღნიშნული შინაარსის სტატია 2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწერა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გოცირიძე კვლავ მმართველი გუნდის “ერთგული” დარჩა, თუ კი 2012 წლამდე “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებებს, 2012 წლის შემდეგ, უკვე “ქართული ოცნების” სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო. გოცირიძემ გორის რაიონულ სასამართლოში განიხილა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწერილი საჩივრები, შემდეგ კი, “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” შენობიდან გამოძევების გადაწყვეტილება მიიღო, გორის მერიის სასარგებლოდ.