სტატიები

რა უნდა იცოდეთ, როცა პოლიცია გაჩერებთ?

მოქალაქეებს პოლიცია ხშირად აჩერებს – სთხოვს პირადობის დამადასტურებელ ფოტოებს, ჩანთის და ჯიბეების ჩვენებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართალდამცველები მოქალაქეებს ფოტოებს უღებენ. ამ ყველაფერს კი “საპოლიციო ღონისძიებით” ხსნიან. 

ხშირად ხდება, რომ დღის განმავლობაში პოლიციელები გვაჩერებენ და გვეუბნებიან, რომ ატარებენ საპოლიციო ღონისძიებას. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მოქალაქეებმა ხშირად არ ვიცით ჩვენი უფლებები და ამის გამო იქმნება დაძაბულობა, მაგალითად აქვთ თუ არა უფლება ჯიბეში ან ჩანთაში ხელის ჩაყოფის, ფოტოს გადაღების და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვართ იურისტები და აუცილებელია ელემენტარულად იმის ცოდნა, რისი უფლება გვაქვს ჩვენ და რისი – სამართალდამცავს,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

“მოზაიკა” გთავაზობთ იურისტის განმარტებას, თუ რა ტიპის ქმედებაა კანონით ნებადართული და რა უფლებები აქვთ მოქალაქეებს. 

რა ვალდებულება აკისრია პოლიციას?

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი განმარტავს, რომ პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნულად იდენტიფიცირება შეუძლებელია, წარადგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ეს არ უნდა უშლიდეს ხელს მის ფუნქციების შესრულებაში.

პოლიციამ უნდა განუმარტოს პირს ღონისძიების მიზანი, თუკი ეს არ შეაფერხებს საპოლიციო მოქმედებას“, – ამბობს მერებაშვილი.

რა შეიძლება და რა არა ზედაპირული შემოწმებისას?

ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირის შეხებას ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი. ჩანთის გახსნა ან ჯიბეში ხელის ჩაყოფა უკვე ჩხრეკაა და ამას სჭირდება სასამართლოს განჩინება ან საგამოძიებო დადგენილება“, — განმარტავს იურისტი.

ამასთან, ზედაპირულ შემოწმებას უნდა ახორციელებდეს შესაბამისი სქესის პოლიციელი, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. საპოლიციო კონტროლისას პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.

შეგვიძლია თუ არა ვიდეოგადაღება?

იურისტის თქმით, ვიდეოგადაღება არა მხოლოდ ნებადართული, არამედ სასურველიცაა.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ვიდეო მტკიცებულება, თუ მისი უფლებები დაირღვა. თავად პოლიციასაც ეკისრება ვიდეოგადაღების ვალდებულება, როცა ამის ტექნიკური შესაძლებლობა აქვთ“, — ამბობს იურისტი.

ფოტოს გადაღება და იდენტიფიკაცია თუ მოქალაქემ წარადგინა პირადობის მოწმობა და არ არსებობს ეჭვი, რომ იგი ფალსიფიცირებულია, პოლიციას არ აქვს უფლება, გადაუღოს ფოტო.

როდის იწერება ოქმი და როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე?

უმეტეს შემთხვევებში პოლიციელი ვალდებულია, შეადგინოს ოქმი, რომელზეც ხელს აწერს როგორც თავად, ისე ღონისძიების ადრესატი. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს ამ ოქმის ასლი შინაგან საქმეთა სამინისტროდან“, — აღნიშნავს იურისტი

ლექსო მერებაშვილის თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება – მოითხოვონ განმარტება, იცოდნენ ზღვარი ზედაპირულ შემოწმებასა და ჩხრეკას შორის და ასევე გამოიყენონ მობილური ტელეფონი გადაღებისთვის, რათა დაიცვან საკუთარი უფლებები. სამართალდამცავებს კი ვალდებულება აქვთ, უზრუნველყონ კანონის სრული დაცვით მოქმედება.

დატოვეთ კომენტარი