სტატიები

“საფრანგეთია, იტალია თუ ამერიკა?” – გორში უძრავი ქონების ფასი ყოველწლიურად იზრდება

გორში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ყოველწლიურად იზრდება. გაზრდილია როგორც ბინის ქირის, ასევე გაყიდვების ფასები – მოქალაქეები ამბობენ, რომ უძრავი ქონების ღირებულება გათანაბრებულია თბილისის ფასებთან.

ვინ რა ბინას შემომთავაზებს 30 000 დოლარის ფარგლებში!“ – ასეთი განცხადებები ბინების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფში იშვიათი არ არის. თუ შარშან ასეთ განცხადებას რამდენიმე კარგი შეთავაზება მოსდევდა, ახლა მხოლოდ ძალიან ძველ და დასანგრევ ბინას თუ სთავაზობენ, ან შედარებით მისაღებს, მაგრამ 10-15 ათასი დოლარით ძვირად.

ყიდვა-გაყიდვის საიტების მიხედვით, გორის გარეუბნებში ოროთახიანი ბინის შეძენა დაახლოებით 50 000 დოლარზე მეტი ჯდება. გაცილებით მაღალი ფასია იგივე სტანდარტების ბინის შეძენა ქალაქის ცენტრში – ამ შემთხვევაში, ბინის ფასი დაახლოებით 15 ათასი დოლარით ძვირდება.

რაც შეეხება სამ-ოთახიან და მეტი ფართობის საცხოვრებელ ბინას, მათი ფასები ზოგ შემთხვევაში 100 000 დოლარს ცდება.

უძრავი ქონების ბაზარზე რომ ბინების ფასმა საგრძნობლად მოიმატა, ამას გორში მცხოვრები მოქალაქეებიც ამჩნევენ. ხშირად ნახავთ გასაყიდი ბინის ქვეშ განთავსებულ კომენტარებს, სადაც ბინების გაძვირებასთან დაკავშირებით, ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ.

“სულ გადაირია ხალხი. დავრჩი ქუჩაში, ალბათ ვერასოდეს შევძლებ ბინის ყიდვას”.

როგორ იმასხარავებთ თავებს, ისეთი ფასი მაინც დაადეთ, დაფიქრება შეიძლებოდეს. საფრანგეთია, იტალია თუ ამერიკა?” – ვკითხულობთ მოქალაქეების შეფასებებს.

ამ სფეროში მომუშავე ადამიანები ფასების მომატებას გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ.

გორში მომუშავე “NG Brokers • ენ ჯი ბროკერების” წარმომადგენელი ნიკა გლურჯიძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ ფასების მატების ტენდენცია დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო, რაც ქალაქში მაღალსართულიანი შენობები გაჩნდა.

ფასს არეგულირებს მოთხოვნა და მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბინების ფასიც შესაბამისად იზრდება. ეს ტენდენცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რაც მაღალსართულიანი მშენებლობების აშენება დაიწყო გორში მასიურად. კორპუსის მშენებლობა რომ იწყება, ბინები თითქმის უკვე იყიდება. თან აქ ხდება ასეთი რაღაც: გარდა იმ ადამიანისა, ვისაც თავისთვის უნდა ობიექტი, ყიდულობენ გადამყიდველებიც, ვინც ამ საქმეში არიან – ყიდულობენ შავ კარკასს, მერე აკეთებენ და ფასს კიდევ უმატებენ. დასრულებული კორპუსის ღირებულებას თვითონ დეველოპერებიც უწევენ და მას ვისაც იაფად ჰქონდა ნაყიდი, ისიც ზრდის ბინის ფასს“, – აღნიშნავს გლურჯიძე.

ნიკა გლურჯიძის თქმით, ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით ხელმძღვანელობენ ის მეპატრონეებიც, რომელსაც ძველი აშენებული, თუმცა კეთილმოწყობილი ბინა აქვთ გასაყიდი. 

ადამიანი, რომელიც მოწყობილ, გარემონტებულ კარგი საცხოვრებელი პირობებით ყიდის ბინას, არ აქვს მნიშვნელობა ახალი აშენებულია, თუ არა, ისიც იმ ფასებს უტოლებს, რასაც ბაზარი სთავაზობს“, – ამბობს ის.

ბინებთან შედარებით, გორში კერძო სახლების ფასი კიდევ უფრო მაღალია. კეთილმოწყობილ სახლს, სამი – ოთხი საძინებლით და ეზოთი 120 000 – 180 000 დოლარამდე ნახავთ.

ნიკა ამბობს, რომ ფასების მიუხედავად გორში კერძო სახლებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და ამ შემთხვევაში ადგილს მნიშვნელობა არ აქვს.

რაც შეეხება კერძო სახლებს, გორში კერძო სახლები არის დეფიციტი. ახლა ჩვენ გვყავს უამრავი კლიენტი, ვინც ეძებს, მაგრამ ფიზიკურად არ არის. არის ძველი შენობები, ძველი პროექტებით, რომლებიც თანამედროვეობაში აღარ მოგვწონს. ადამიანი, რომელიც ყიდის კერძო სახლს თან კეთილმოწყობილს, იცის ის, რომ კერძო სახლების ფასი ამ ქალაქში მაღალია და ის უკვე დიდ ფასს გიდებს, მას ასე უღირს და ელოდება იმ კლიენტს, ვისაც ყიდვის შესაძლებლობა აქვს“, – გვითხრა გლურჯიძემ.

როგორ შენარჩუნდება უძრავი ქონების ფასები გორში, გაყიდვების სფეროში მომუშავე ადამიანებს ამის შეფასება უჭირთ და კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, მოთხოვნა გაიზრდება, თუ შემცირდება.

დატოვეთ კომენტარი