სტატიები

ძალადობა კასპის საკრებულოში – ბრალდებული საჯარო მოხელეები თანამდებობებზე რჩებიან

კოალიციის “ძლიერი საქართველო” კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სასამართლოში დაიბარეს.

სასამართლოს ირაკლი მილაძესთან კითხვები სამი წლის წინ, საკრებულოში მომხდარი ამბის შესახებ ჰქონდათ, როდესაც მას ფიზიკურად კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და აპარატის უფროსი გაუსწორდნენ.

მილაძეს ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.

როგორც ირკვევა, ახლა გამოძიება მხარეებს მორიგებას სთავაზობს, რადგან კანონის თანახმად ბრალდებულებს ამინისტია შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულ მხარეს პრეტენზია აღარ ექნება.

მილაძე ამბობს, რომ ამ შეთავაზებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ საჯარო მოხელეები მას ბოდიშს მოუხდიან და მზია ამაღლობელს გაათავისუფლებენ. 

კარგად ჩანს იმ ვიდეოში, რომელიც გამოძებამ ამოიღო და ამის საფუძელზე წაუყენა ბრალი ამ ორ მოძალადეს, რომ ცხვირი გამიტეხეს და სისხლი მომდის. შესაბამისად, მაქვს ასევე შეთავაზება, რომ გამოუშვან მზია ამაღლობელი და მერე ამ ორ ადამიანზე თვითონ რაც უნდათ ის უქნიათ, მე არანაირი პრეტენზია არ მექნება. ბრალის წარდგენიდან დღემდე ისინი ისევ რჩებიან სამსახურებში“, – განაცხადა მილაძემ.

დღევანდელ სხდომას კასპის საკრებულოს აპარატის უფროსი ზურაბ ჩიტიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭდლიშვილიც ესწრებოდნენ. ისინი ბრალს არ აღიარებენ. 

კადრები, რომელიც არსებობს არის დადგმული. მე მოძაალადე არ ვარ, ამიტომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ“, – თქვა კასპის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა.

კოალიციის “ძლიერი საქართველო” კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის უფლებებს “ადამიანის უფლებათა ცენტრი” იცავს. სხდომას ორგანიზაციის წარმომადგენელი ლექსო მერებაშვილი ესწრებოდა. მისი თქმით, პროკურატურა ამ საქმით სათანადოდ არ ინტერესდება და გამოძიებას აჭიანურებს.

მზია ამაღლობელი ერთი სილის გაწვნის გამო პატიმრობაში იმყოფება და 4-დან 7 წლამდე თავისუფლენის აღკვეთას ელოდება. ორმა საჯარო მოხელემ ჯგუფურად იძალადა ირაკლი მილაძეზე, რაც ვიდეო კადრებითაც დასტურდება და ეს მაღალჩინოსნები არათუ საპატიმრო დაწესებულებაში არიან, არამედ აგრძელებენ საჯარო სამსახურში მუშაობას. სამი წელი მიმდინარეობს ეს საქმე და არ ეტყობა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში პროკურატურა ამ საქმეს დაასრულებს. თვითონ სასამართლო სხდომაზეც ვნახეთ, რომ პროკურატურა ნეიტრალურ მდგომარებაში იყო და არ დაუსვამს მნიშვნელოვანი კითხვები“, – ამბობს ალექსი მერებაშვილი.

ინფორმაციისთვის, “ძლიერი საქართველოს” კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელზე ფიზიკური ანგარიშსწორების გამო ბრალდებულები არიან კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და აპარატის უფროსი. ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე რჩებიან თანამდებობებზე.

დატოვეთ კომენტარი