გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ საბავშვო ბაღების გათბობისთვის, საწვავი ბრიკეტის შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა შპს “ესტეემ აგრო”, რომლის ერთ-ერთი მეწილეც რუსეთის მოქალაქეა.
36 401 ლარის ღირებულების ტენდერი შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრეს.
მომჩივანი კომპანია “ვარჯია”, რომელიც ამტკიცებს, რომ სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ უკანონოდ გამოაცხადა გამარჯვებულად შპს “ესტეემ აგრო”, რადგან აღნიშნული კომპანია საწვავი ბრიკეტების დასამზადებლად ნედლეულად იყენებს მხოლოდ თხილის ან კაკლის ნაჭუჭს, რაც “ვარჯიას” წარმომადგენლის თქმით, არ შეესაბამება ამ ტენდერით მოთხოვნილ პირობებს.
„ოქმში, არ არის მოცემული კომისიის დეტალური მსჯელობა, თუ კონკრეტულად რა პარემეტრებით შეესაბამება წარმოდგენილი ნიმუში სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ: სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით: ,,ბრიკეტი” – დამზადებული დახერხილი ფოთლოვანი ხის ნარჩენებისაგან – ნახერხისაგან” უნდა იყოს. გამარჯვებულად გამოცხადებული პრედენდენტი- შ.პ.ს. “ესტეემ აგრო”, ხის ნარჩენებისაგან – ნახერხისაგან ბრიკეტს ვერ აწარმოებს, სათანადო მანქანა-დანადგარების არქონის გამო და ნედლეულად იყენებს მხოლოდ ნაჭუჭს (თხილი, კაკალი)“, – მიუთითებს მომჩივანი.
რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს “ესტეემ აგროს” 25%-ს მფლობელი რუსეთის მოქალაქე დმიტრი სმირნოვია, დანარჩენ 75%-ს კი გია წერეთელი ფლობს.
ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და შპს “ესტეემ აგროს” შორის ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. უწყება კომპანიისგან 36 401 ლარის 35 ტონა ,,ბრიკეტს” იყიდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ “ესტეემ აგროს” ტენდერებში მონაწილეობის ისტორია 2024 წლის ბოლოდან იწყება. ამ პერიოდში კომპანიამ საბავშვო ბაღების სააგენტოს ტენდერის ჩათვლით, 4 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც გამარჯვებულად გორის გარდა, მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამაც გამოაცხადა.