ახალი ამბები

დუმაცხოვში, სადაც წყალი არ აქვთ, სოფლის პროგრამით სანიაღვრე არხებს მოაწყობენ 

დუმაცხოვში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სანიაღვრე არხების მოწყობა გადაწყდა. ეს იმ ოქმით დასტურდება, რომელიც ხაშურის მერიამ გამოაქვეყნა. 

დოკუმენტის მიხედვით, სოფლის კრებას 30 ადამიანი ესწრებოდა და ყველა მათგანმა ერთხმად დაუჭირა მხარი სოფლისთვის გამოყოფილი თანხით სანიაღვრე არხების მოწყობას. 

ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს და ამბობს, რომ სოფელში მეტად მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი. 

“დუმაცხოვს სასმელი წყალი ენატრება და შიდა გზებია გაუბედურებული. სანიაღვრე არხებში რა უნდა გაუშვათ? რომელი წყალი? ეგ თქვენ გადაწყვიტეთ თუ მოსახლეობამ?“, – კითხულობს მარიამ პაპუაშვილი.  

ნუთუ მეტი პრობლემა ვერ დაინახეს სოფელში, თუ როგორც სჩვევიათ, დასცინიან ადამიანებს. ასე უსაქმურობაში და უაზრო დაპირებებში ისქელებენ ჯიბეებს“, – წუხს მარინა გუდაძე+

რომელმა გადაწყვიტა ნეტავ? წყალი ჭირდება სოფელს, პირველ რიგში. რა სანიაღვრე, რა მოიგონეთ. ვინ გადაწყვიტა. ხალხის მოთმინებას აქვს საზღვარი მართლაც“, – ამბობს ნინო შუბითიძე. 

ოქმის მიხედვით, დუმაცხოვში სოფლის კრება 6 თებერვალს ჩატარდა, თუმცა როგორც ადგილობრივების ნაწილი აღნიშნავს, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. 

შედეგად, 30 ადამიანის გადაწყვეტილებით, დუმაცხოვისთვის გამოყოფილი 10 000 ლარით სოფელში, სადაც წყალი არ აქვთ, სანიაღვრე არხებს მოაწყობენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი