სტატიები

“ახალბაღში” საგუშაგო ჯიხურები უნდა დაიდგას – კომპანია ხელშეკრულების პირობებს არღვევს

გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ 7 საგუშაგო ჯიხური შეიძინა, რომლებიც “ახალბაღის” ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. როგორც მერიაში განმარტავენ, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები პარკის ტერიტორიაზე წესრიგს დაიცავენ. 

“ახალბაღში” წესრიგის კონტროლისთვის მუნიციპალურ ინსპექციაში ახალი განყოფილებაც შეიქმნა. “უსაფრთხოების განყოფილებამ” პარკის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს წესრიგის დაცვა და მოახდინოს რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯიხურების შესაძენად კომპანია ტენდერით შეარჩია, თუმცა შერჩეულმა პრეტედენტმა ხელშეკრულების პირობები დაარღვია და ამ დრომდე, მუნიციპალური ინსპექციისთვის საგუშაგო ჯიხურები არ მიუწოდებია. 

“ორგანიზაციამ ინსპექტორებისთვის ტენდერის საშუალებით გადაწყვიტა საგუშაგო ჯიხურების შეძენა. სამწუხაროდ, კომპანიამ მოწოდების ვადები დაარღვია, რის გამოც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული რეგულაციები”, – განმარტავენ გორის მერიაში. 

სატენდერო პირობების მიხედვით, ჯიხურების განთავსება “ახალბაღის” ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმდებიდან 15 დღეში უნდა მომხდარიყო. მომსახურებაში შედის ტრანსპორტირება და მონტაჟი.

“მომწოდებელმა საქონლის მოწოდება, ჩამოტვირთვა და მონტაჟი უნდა უზრუნველყოს საკუთარი მუშა ხელითა და ტრანსპორტირებით.(საკუთარი ხარჯებით)”, – ნათქვამია სატენდერო პირობებში.

სააგენტოს ჯიხურების შესაძენად 30 000 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა ტენდერით შერჩეულ კომპანიას, შპს “გეოპროფს” 23 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. აღნიშნულმა კომპანიამ დანარჩენ პრეტედენტებთან შედარებით ჯიხურების მიწოდება ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა. ტენდერს სულ 7 მონაწილე ჰყავდა.

შპს “გეოპროფი” თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის დირექტორი და ერთპიროვნული მფლობელი გურამ გიგილაშვილია. მის სახელზე აღნიშნულის გარდა, კიდევ 10 კომპანიაა, რომლიდანაც შვიდში 100%-იანი წილის მფლობელია.

შპს “გეოპროფს” მიმდინარე წელს მოგებული აქვს ათამდე ტენდერი, საიდანაც უმეტესობა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას ეხება. მიმდინარე წელს მოგებული ტენდერებიდან გორის მუნიციპალური ინსპექციასთან დადებული ხელშეკრულება ერთადაერთია, რომელიც სტრუქტურული მასალების, კერძოდ, საგუშაგოების შესყიდვას ეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.