ახალი ამბები

Facebook-ის გატეხვის და თაღლითობის ბრალდებით შიდა ქართლში 1 პირი დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული სისტემის ხელყოფისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ი.ო. დააკავეს.

აღნიშნული დანაშაული შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა, რის შემდგომაც, მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა. ბრალდებული ი.ო. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე, 25 დაზარალებული მოქალაქე გამოვლინდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.