ხაშურელები ჩივიან, რომ ქალაქში წყალგაყვანილობის სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს. პერიოდულად სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სამუშაოები შეჩერებულია.
მსგავსი ვიდეო ერთ-ერთმა ადგილობრივმა ზაზა მეხრიშვილმაც გაავრცელა, ტექსტით:
შეჩერებული სამუშაოების პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია მუშების უკმაყოფილების შესახებაც. როგორც “მოზაიკას” ეუბნებიან, მათ ნაწილს უკვე ორი თვეა ხელფასი არ მიუღია.
“ჩემი მეუღლე ბობკატის მძოლად მუშაობდა. ატყუებდნენ თანხა არაა ჩარიცხულიო 2 დღეში დაგირიცხავთო თუმცა დღემდე ის ნამუშევარი ასაღები აქვს. დაწერა განცხადება და საზღვარგარეთ წავიდა“, – გვითხრა ერთ-ერთი მუშის მეუღლემ, გვანცა კობახიძემ.
გვანცა კობახიძის ინფორმაციით, მის მეუღლეს ხელფასის გაზრდასაც პირდებოდნენ.
“ამ პოზიციაზე მისი ხელფასი დაახლოვებით 2000 ლარი იყო. ეუბნეოდნენ, რომ 2700 გახდებოდა, მაგრამ რაც ასაღები ჰქონდა, ისიც არ აუღია”.
სახელფასო დავალიანების გამო, მუშები ხაშურში რამდენიმე თვის წინ, ოქტომბერშიც გაიფიცნენ. შექმნილ პრობლემაზე პასუხისმგებლობას ხაშურის მერია იხსნის.
“სახელმწიფო პროექტია. ჩვენთან თანხმდება, გარკვეული საკითხები,რადგან ქუჩებზე რომ მიდის სამუშაოები, კოორდინაცია ხომ უნდა იყოს. მაგრამ თანხის ნაწილში ჩვენ არ ვმონაწილეობთ“, – გვითხრა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა.
როგორც ცნობილია, ხაშურში წყაგაყვანილობის სამუშაოებს ახორციელებს თურქული კომპანია “იდა”, რომლის ქვეკონტრაქტორია “ავე”. სამუშაოებს კი ზედამხედველობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ საერთაშორისო ტენდერით შერჩეული ესპანური კომპანია “EPTISA”. აღნიშნულ მომსახურებაში კომპანია 3614222 ევროს მიიღებს.
ჯამში პროექტის ღირებულება 90 000 000 ევროა, რომელიც საქართველომ საფრანგეთისგან მიიღო.