ქარელის მერიამ სკვერების და ჭაბურღილების მოვლისთვის ახალი ა(ა)იპ შექმნა, რომელსაც თამაზ თურმანიძე ხელმძღვანელობს.
როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემის, ჭაბურღილების, შადრევნის, მწვანე ნარგავების და სკვერების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, ამ დროისთვის მის დაქვემდებარებაში 6 ადამიანია.
“გამომდინარე იქიდან, სად სკვერი გვაქვს და სად ჭაბურღილი, მოხდა კადრების შერჩევა. მათ უშუალოდ დაევალათ მათი მოვლა – პატროვნობა. შევქმენით 3-კაციანი მობილური ჯგუფები რომელთა მოვალეობაც იმ ადგილზე გასვლაა, სადაც ბალახია გასათიბი ან სკვერია მოსაწესრიგებელი, ან ქარის დროს ხე მოტყდა. ჭაბურღილები რომელ სოფელშიც გვაქვს, იქ თითო წარმომადგენელი გვყავს. მათი მოვალეობა ჭაბურღილების ჩართვა-გამორთვა და ელექტროობასთან დაკავშურებით შექმნილი პრობლემის მოგვარებაა”, – უთხრა “მოზაიკას” თურმანიძემ.
მისივე თქმით, კადრების რაოდენობა საჭიროების შესაბამისად განისაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ ახალი ა(ა)იპ-ის დაფინანსებისთვის ქარელის ბიუჯეტიდან წელს 1 499 000 ლარი დაიხარჯება.