ახალი ამბები

მედიის ცნობით, გორში ბაბუის მკვლელობისთვის დაკავებულმა ბრალი აღიარა

გორში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა ბრალი აღიარა. 

28 წლის ნიკა საათაშვილის აღიარებითი ჩვენების შესახებ “კურიერი P.S”-მა სიუჟეტი მოამზადა. 

ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა 74 წლის ბაბუა სასიკვდილოდ სცემა და უმწეო მდგომარეობაში მყოფს დახმარება არ გაუწია. 

შემთხვეა ე.წ, ვოლოგდის დასახლებაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შვილიშვილი გამთენისაას სახლში ნასვამი დაბრუნდა, რაზეც ბაბუამ უსაყვედურა, რის შემდეგაც მამაკაცმა მოხუცს სასტიკად სცემა. 

პროკურორის ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა დანაშაულის ინსცენირება სცადა. მან დილით ყველას უთხრა, რომ ბაბუა გარდაიცვალა. ბრალდებულის მსგავსად, მეზობლების ნაწილი ადგილზე მისულ მედიის წარმომადგენლებს ეუბნებოდნენ, რომ მამაკაცი საწოლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 მარტს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლის  „ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახი მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი